შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29-30 ნოემბრის აქციის დარბევისას 107 ადამიანი დააკავეს.
მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და ე.წ. რობოკოპები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. გამთენიისას სპეცრაზმმა აქცია ძალის გამოყენებით, სასტიკად დაშალა. სპეცრაზმმა ალყაში მოაქციეს მოქალაქეები. დაკავებების პარალელურად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეების ცემის ვიდეოები.
"მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.
აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში. არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი", - წერია განცხადებაში.