ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საფრთხე – რა შეიძლება მოჰყვეს ირანის ნაბიჯს

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საფრთხე – რა შეიძლება მოჰყვეს ირანის ნაბიჯს

ჰორმუზის სრუტე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფანია მსოფლიოში. ის სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს და წარმოადგენს ერთადერთ საზღვაო მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თავად ირანი, ნავთობსა და გაზს მსოფლიო ბაზარს აწვდიან.

რატომ არის ჰორმუზის სრუტე ასეთი მნიშვნელოვანი?

ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მიწოდების დაახლოებით 20% გადის — ეს ნიშნული თითქმის 20 მილიონი ბარელია დღეში. მსოფლიოს მთავარი ნავთობმიმწოდებელი ქვეყნები სწორედ ამ მარშრუტს იყენებენ, რაც სრუტეს გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად აქცევს.

ჩაკეტვის საფრთხე და შედეგები

სრუტის დახურვა ნიშნავს უმოკლეს დროში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას, გლობალური ბაზრების არასტაბილურობას და ენერგეტიკულ კრიზისს, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებული.

ასევე შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის სამხედრო გემების მოძრაობის შეზღუდვა სპარსეთის ყურიდან, რაც სამხედრო თვალსაზრისითაც გაართულებდა მდგომარეობას რეგიონში.

ირანის გადაწყვეტილება

ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გეგმას — იმ ფონზე, როცა აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ის ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს ორგანოზე, „უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოზეა“ დამოკიდებული.

ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლების თქმით, სრუტის ჩაკეტვა "განხილვის საგანია და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება".

გეოპოლიტიკური რეაქციები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ღიად მოუწოდებს ჩინეთს, მოახდინოს ზეწოლა თეირანზე და თავი აარიდოს ისეთ ნაბიჯს, რომელიც გლობალურ ენერგეტიკულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. რუბიომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა "ეკონომიკურ თვითმკვლელობად" შეაფასა.


მიუხედავად იმისა, რომ ირანის პარლამენტის გადაწყვეტილება ჯერ არ არის ავტომატურად აღსრულებადი, მისი მიღება აჩვენებს, რომ საკითხი სერიოზულად განიხილება. ჰორმუზის სრუტის ბლოკირება არა მხოლოდ ენერგეტიკული კრიზისის საფრთხეს წარმოშობს, არამედ ახალ სამხედრო და დიპლომატიურ დაპირისპირებებსაც.