ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდებს, სერიოზულად მიუდგნენ რეფორმებს.
მისი თქმით, რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს და ამისთვის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამის შესახებ განცხადება ჰერჩინსკიმ მედიასთან გააკეთა.
ჰერჩინსკის თქმით, 12 პრიორიტეტისა და 9 ნაბიჯის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია.
"საქართველოში არის უდიდესი საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის მტკიცე საფუძველი იმისა, რომ განხორციელდეს საჭირო რეფორმები. საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტისა და 9 ნაბიჯის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, მიუდგნენ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად. დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნები, რომლებიც საკითხს სერიოზულად მიუდგებიან, მიაღწევენ მეტ პროგრესს, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები განხორციელდა.
შეცდომა არ დაუშვათ. ეს რეფორმები უნდა იყოს ტრანსფორმაციული, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ვიდრე 9 ნაბიჯზე მუშაობაა. ნოემბერში, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში გაწერილია ყველა რეკომენდაცია, რომელიც დიდ მუშაობას საჭიროებს და მინდა ხაზი გავუსვა - პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მუშაობას", - აღნიშნა მან.