ჰერჩინსკი: გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ქართულ ოცნებასთან

ჰერჩინსკი: გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები ქართულ ოცნებასთან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების ლიდერებს აღარ შეხვდნენ.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, 27 ლიდერის გადაწყვეტილება ქართული ოცნების ნარატივსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე პასუხია.

"რაც შემიძლია გითხრათ, მიმდინარე წლის ივნისში, რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვქონდა დისკუსია ჩვენს წევრ ქვეყნებთან როგორი მიდგომა გვქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელსაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება აქვს, როგორ გავუმკლავდეთ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ნარატივს და პროპაგანდას, კონსპირაციების თეორიებს, და ჩვენ, გადავწყვიტეთ, რომ არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან და ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შეხვედრები არ ყოფილა არც საქართველოში ჩვენი წარმომადგენლობის მათთან, და არც ქართული ოცნების ლიდერების ბრიუსელში", - თქვა ჰერჩინსკიმ.

გარდა ამისა, დღეს ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები ჩატარდება სტანდარტების დაცვით, თუმცა ასე არ იქნება, მზად იქნებიან რეაგირებისთვის. ჰერჩინსკიმ თქვა: "თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, თუ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია იქნება აკრძალული, თუ გახდება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას მოუწევს ფუნქციონირებისთვის საზღვარგარეთ წასვლა, თუ უმთავრესი უფლებები, მათ შორის უმცირესობის არ იქნება დაცული - მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც ახლა, ვერც ხვალ და ვერც შემდგომში".

ჰერჩინსკი ასევე იმედოვნებს, რომ "არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებასთან, რათა ხელახლა დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი".

ელჩმა კომენტარი ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებზეც გააკეთა და მათ "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა.