აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენის საქმეზე ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.
ბრალი ჰანტერ ბაიდენს მას შემდეგ წაუყენეს, რაც ივლისში საპროცესო შეთანხმება ჩაიშალა, რომელიც საგადასახადო თაღლითობასა და იარაღის უკანონო შეძენის საქმეებში ბრალის აღიარებას ითვალისწინებდა.
სამივე წარდგენილი ბრალის თანახმად, ბაიდენმა იარაღის შეძენის დროს ფედერალური ქაღალდების შევსებისას დამალა, რომ ნარკოდამოკიდებულია. ამ ფორმალობების შემდეგ, სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ჰანტერმა 2018 წლის ოქტომბერში დელავერის შტატში იყიდა რევოლვერი, რომელსაც 11 დღე ინახავდა.
აშშ-ის ფედერალური კანონის თანახმად, მსგავსი დოკუმენტების შევსებისას სიცრუე ან ნარკოტიკების მოხმარების დროს იარაღის ქონა, სისხლის სამართლებრივად ისჯება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მანამდე მოლაპარაკებების ფარგლებში ბაიდენი მზად იყო ბრალი ეღიარებინა, რაც პროკურორებსა და იურისტებს შორის ორმხრივი შეთანხმების ნაწილი იქნებოდა. ბაიდენისთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ გადასახადების გადაუხდელობისთვის და ასევე მას უნდა ეღიარებინა იარაღის უკანონო ტარება. თუმცა საპროცესო გარიგება ჩაიშალა საოლქო სასამართლოს მოსამართლის განცხადების შემდეგ, რომ ასეთი სახით შეთანხმებას ვერ დაამტკიცებდა და დაამატა, რომ იარაღთან დაკავშირებული წინადადება უჩვეულო იყო.
იმავდროულად, ამ კვირაში, რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც შეიძლება ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდეს.