გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დროასთან საარჩევნო გაერთიანებას აფასებს და ამბობს, რომ ორი პარტიის წარმომადგენლებს ხედვებში სრული თანხვედრა აქვთ.
"გვაქვს სრული თანხვედრა ხედვებში - ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პრინციპულად არ ვთანამშრომლობთ რუსულ რეჟიმთან. ჩვენ მთავარ პრობლემად ქვეყანაში მიგვაჩნია ერთპარტიული მმართველობა და კონცენტრირებული ძალაუფლება და აქედან გამოსავალი მგონია სისტემის დაშლა", - განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, ის ამბობს, რომ გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი, ხოლო ენმ იმ ფორმით უნდა გავიდეს, რა ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი.
"გახარიას რაც შეეხება, პასუხი ცხადია, ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც მას ჯერ კიდევ პასუხი აქვს გასაცემი და ის პასუხები, რომელსაც ვისმენთ მას შემდეგ, რაც ის გადავიდა ოპოზიციაში, დამაკმაყოფილებელი არ არის. რაც შეეხება ენმ-ს და სხვა პარტიებს, წითელ ხაზებზე საუბარი არ არის - ჩვენ გვაქვს კონფიგურაცია თავში, რომელიც ჩვენი აზრით, არის ყველაზე მომგებიანი იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი დაამარცხო და ამ შემთხვევაში, ენმ იმ ფორმით, რა ფორმითაც არის - ვაშაძესთან ერთად არიან - ეგრე უნდა გავიდეს დამოუკიდებლად", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარიაც აღნიშნავს, რომ გირჩთან ბევრი საერთო აქვთ - მათ შორის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორია ევროპული, თავისუფალი, მშვიდი, უსაფრთხო ქვეყანა.
"რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ელემენტარული სამართლიანობა, სამართალი, კანონის უზენაესობა, პერსპექტივა არსებობდეს ამ ქვეყანაში. ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, კარგად დამუშავებული საერთო ხედვა. ასევე, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმაში, რომ რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დაუშვებელი და ასე ვიყავით ჩვენ აქამდე. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო გაერთიანება გავაკეთოთ", - განაცხადა ხოშტარიამ.
პარტიებმა გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ისინი აქამდე სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად თანამშრომლობდნენ - სტრატეგია აღმაშენებელი საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდა.