გრიგორიადისი: მინდა, კობახიძე და ღარიბაშვილი იყვნენ სხდომაზე, არგუმენტების მოსმენა მინდა

გრიგორიადისი: მინდა, კობახიძე და ღარიბაშვილი იყვნენ სხდომაზე, არგუმენტების მოსმენა მინდა

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა - მან ისაუბრა საქმეზე, სადაც ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ღირსების შემლახველი განცხადებების გამო უჩივის და პროცესზე მათი გამოცხადება მოითხოვა.

"როგორც იცით, ცოტა ხანში მექნება ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საქმე სასამართლოში, მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, იმიტომ, რომ მათი ადვოკატის წინადადების მოსმენა არ მინდა მარტო, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა, კიდევ მექნება TV იმედთან სასამართლო სხდომა, მაგათთანაც ვაპირებ სასამართლოს გამართვას, მონტაჟი გააკეთეს, დაამონტაჟეს ცუდად, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებით მექნება კიდევ [სასამართლო], ჯერჯერობით, ეს არის", - განაცხადა გრიგორიადისმა.

ამასთან, გრიგორიადისმა გაუგებრობა უწოდა მიმალვის საფრთხეს და აღნიშნა, რომ ერთი თვის განმავლობაში ქალაქში ისე მოძრაობდა, რომ მას არავინ დაჰკავშირებია.

"მაგით აპელირებენ, რომ ვითომ ქალაქში არ ვიმყოფებოდი, თუ რაღაც და ვაკეში დამაკავეს და თან ერთი თვის განმავლობაში ქალაქში ვმოძრაობდი, არავინ არ დამკავშირებია სასამართლოზე გამოცხადებაზე, არაფერთან დაკავშირებით ჩემთან კონტაქტზე არავინ არ გამოსულა და რატომ არის ეს მიმავლის საფრთხე, ვერ გავიგე", - თქვა მან.

26 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. პატივისა და ღირსების შემლახავი საჯარო განცხადებების გამო, ისინი ქართული ოცნების ლიდერებისგან ბოდიშს ითხოვენ - უფლებადამცველების თქმით, მათ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლური თანხის, 15 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ.

გრიგორიადისის წინა სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაიმართა - მან განცხადების გაკეთება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ უარი უთხრა. მიზეზად მოსამართლემ განმარტა, რომ გრიგორიადისმა სიტყვა სხდომის დასრულების შემდეგ მოითხოვა.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".