გოცირიძე სანქცირებულებზე: ხელფასს იღებენ ან ნაღდი ფულით, ან საპენსიო ან კორპორატიული ბარათით

გოცირიძე სანქცირებულებზე: ხელფასს იღებენ ან ნაღდი ფულით, ან საპენსიო ან კორპორატიული ბარათით

პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული მაღალჩინოსნების, ზვიად ხარაზიშვილის და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის საბანკო ბარათებთან დაკავშირებით, რაიმე თაღლითური სქემით მოქმედებს, ეს ქვეყნის საბანკო სისტემასა და ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

როგორც გოცირიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, სანქცირებულ ხარაზაშვილს და ლაგაზაურს ხელფასის აღების სამი გამოსავალი აქვთ: პირველი - ნაღდი ფულით, მეორე - ლარის ანგარიშის მქონე ბარათით, მაგალითად ლიბერთი ბანკის საპენსიო ბარათით და მესამე - შსს-ს მიერ აღებული კორპორატიული ბარათით.

ამასთან, გოცირიძეს მაგალითად შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაც მოაქვს, რომლითაც დასტურდება, რომ ხსენებული პირების მიმართ სანქციები უკვე ამოქმედებულია და ისინი ხელფასს "სხვა ბარათებით" იღებენ.

"თავად გომელაურმა თქვა, ასეთი ხუმრობით: "ნუთუ ვიზა/მასტერქარდის გარდა სხვა ბარათები არ არსებობსო", კი არსებობს და სწორად ამაზე მივუთითებთ ჩვენც, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს - ლარით შიდა ანგარიშსწორების შემთხვევაში არის თუ არა სანქციის დარღვევა და რაიმე ემუქრება თუ არა ამა თუ იმ ბანკს. ან არსებობს მხოლოდ ლარის ბარათები, მაგალითად ლიბერთი ბანკს აქვს საპენსიო ბარათები, რომელიც არ არის საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაში ჩართული. აქვს ასევე რამდენიმე სხვა ბანკსაც. ახლა უნდა გავარკვიოთ, რომელ ბანკში გახსნა", - თქვა გოცირიძემ.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ სანქცირებულ პირებს ბარათები ქართუ ბანკში გაეხსნათ, რადგან გოცირიძის განმარტებით, ეს ივანიშვილის ბანკის დასანქცირებასაც გამოიწვევს.

"ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ეს არ იქნება ბანკი ქართუ. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ საშინელი დღეები ელის და დამატებითი არგუმენტის მიცემა, რომ სანქციები დაადონ და ქართუს მთელი ოპერაციები შეაჩერონ, რაც ბუნებრივია ქართუ ფონდსაც შეეხება და მის მთელ ქონებას, ეს არ აწყობს. შეიძლება ეს იყოს ლიბერთი ბანკი, სადაც არის რუხაძე, ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, შეიძლება არის რომელიმე სხვა ბანკი, მაგრამ იქნებ ეს არ არის სანქციების დარღვევა - ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს. ამ სანქციებთან დაკავშირებით, ერთი კვირის წინ სებ-მა ამოღერღა, როცა ჩემს წერილზე გამცა პასუხი და გავიგეთ, რომ სანქციების აღსრულებაში ხელს ვერაფერს შეუშლის საქართველოს მთავრობა...

სამი ვარიანტია ამ პირებზე ხელფასების გაცემის: პირველი - ნაღდი ფულით, მეორე - ლარის ბარათებით და მესამე - შესაძლებელია, რომ შსს-მ დაამზადა კორპორატიული ბარათი და ასეთი ბარათის დამზადება შეუძლია ნებისმიერ ბანკში, და გადასცა ამ ორს პირს. [ამ შემთხვევაში] ფაქტობრივად სამინისტროს ბარათებით სარგებლობენ ეს პირები უკვე ნებისმიერ ბანკში, ვინაიდან ეს ბანკი ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს თუ გააკეთეს, ამ ტიპის ბარათებით თუ ითაღლითეს, მთელი ქვეყანა, მთავრობა მონაწილეობს სანქციების გვერდის ავლაში, რაც უმძიმესად დაუჯდება პირველ რიგში მათ, მინისტრებს, პრემიერს და მთელ კაბინეტს და მერე რა თქმა უნდა ქვეყანას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

***

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ უწყების სანქცირებული მაღალჩინოსნები ხარება და მილერი ლაგაზაური "ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს", თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ბანკში.

16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა.