გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "შუაღამის ჩაქუჩი" ტირანიებისთვის

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "შუაღამის ჩაქუჩი" ტირანიებისთვის

ოპერაციამ კოდური სახელწოდებით "შუაღამის ჩაქუჩი" არამარტო ახლო აღმოსავლეთის ცა გაანათა, მისმა ხმამ კი არამარტო ღრმად მიწისქვეშა ბუნკერში მყოფ აიათოლას ყურამდე მიაღწია. დღევანდელმა ღამემ შეცვალა გეოპოლიტიკური ბალანსი და თავისუფალი სამყაროს, შესაბამისად, საქართველოს მომავლის მიმართ რწმენა კიდევ უფრო გამიმყარა. ისრაელის ბრწყინვალე სამხედრო ოპერაციამ და შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა წერტილოვანმა დარტყმებმა რამდენიმე გადამწყვეტი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს.

უპირველეს ყოვლისა — ამერიკა დაბრუნდა! არა მარტო როგორც გავლენის მქონე გლობალური მოთამაშე, არამედ როგორც პასუხისმგებლობის გამზიარებელი. მან თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ყალბი არჩევანი არ დაუშვა — მშვიდობა განისაზღვრა, როგორც ამ ორი ცნების სინთეზი, და სწორედ ეს არის პასუხისმგებელი ლიდერობის ნიშანი.

მეორე — პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომელიც მრავალთვიანი მოლაპარაკებების ჩავარდნის და ულტიმატუმის შემდეგ იქნა მიღებული, დაადასტურა: თავისუფალ სამყაროში სიტყვას და მუქარას კვლავ აქვს ფასი. წითელი ხაზები, რომლებიც წარსულში არაერთხელ დაირღვა (გავიხსენოთ ობამა, სირია და ქიმიური იარაღის გამოყენება), ახლა რეალურად ამოქმედდა. ტირანიებისთვის ეს ცალსახა სიგნალია — პასუხისმგებლობა გარდაუვალია და მას ძალიან მძიმე ფასი ექნება.

მესამე — ბოროტების ღერძი შეირყა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სასოწარკვეთით ეძებს თანაგრძნობას მოსკოვში, რომლის მთავარი "სადარდებელი" კი მედვედევის პირით თურმე ის არის, "რომ ასე ტრამპი ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში ვეღარ მიიღებს."

მეოთხე — ოპერაცია იყო ქირურგიული სიზუსტის, მინიმალური ზიანით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით: ობიექტების მიღმა რადიაციული ფონი არ გაზრდილა და არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზიანებულა.

მეხუთე — ამ ნაბიჯმა ტრამპის ადმინისტრაციაში იზოლაციონისტური ფრთა საგრძნობლად დაასუსტა. თეთრ სახლში პოზიციები დაკარგა ძალამ, რომელიც წარსულში პასიურობას, დისტანცირებას და გულგრილობას ქადაგებდა მაშინ, როცა მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ამ სამხედრო ოპერაციის საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია. რთულად პროგნოზირებადია, უკიდურესად შესუსტებული რესურსების გათვალისწინებით, რა პასუხი ექნება აიათოლას ასეთ დამცირებაზე.

ჭორები იმაზე, რომ თითქოს გამდიდრებული ურანის ნაწილის გატანა მოასწრეს, ან მინიშნებები მოსკოვიდან, რომ — არიან ქვეყნები, რომლებმაც დამარცხებულ ირანს შესაძლოა ბირთვული ქობინები მიაწოდონ, რათქმაუნდა, უკიდურესად საყურადღებოა. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ ინფორმატიულობის და დაზვერვითი მონაცემების როგორ სიღრმეს და სიზუსტეს ფლობს მოსადი, რთული წარმოსადგენია, მსგავსი რამ ან მომხდარიყო, ან მომავალში მოხდეს, ასეთივე მყისიერი და ეფექტური რეაგირების გარეშე.

მოკლედ რომ შევაჯამოთ — ისრაელმა, უმაღლეს პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ოპერაციით შექმნა ვითარება, როცა ამერიკამ ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაზიანების და სახმელეთო ოპერაციის გარეშე, წერტილოვანი ჩარევით გაანეიტრალა ბირთვული საფრთხე.

ტირანიების უსუსურობა — წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს თავისუფალ სამყაროს, თუკი ის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის ძალის გამოყენების ნებას გამოავლენს, სახეზეა. ამ ისტორიაში, უფრო ზუსტად კი მართლაც ისტორიულ მოვლენაში, ესაა მთავარი. ამიტომ იმით დავამთავრებ, რითიც დავიწყე: ,,შუაღამის ჩაქუჩმა“ არამარტო ახლო აღმოსავლეთის ცა გაანათა, მისმა ხმამ კი არამარტო ღრმად მიწისქვეშა ბუნკერში მყოფ აიათოლას დაუფრთხო ძილი...