საქართველო და მსოფლიო შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინშია. ასეთ მოლოდინს არამარტო ტრამპის არაპროგნოზირებადობა, არამედ მხოლოდ თავისუფალ სამყაროში შესაძლებელი, არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება ქმნის. აბა, დანარჩენ სამყაროში ყველაფერი გარკვეულია - ავტორიტარული უძრაობა და ლოდინი, სანამ მმართველს ან მიქელ გაბრიელი მოაკითხავს, ან განრისხებული ხალხი.
სანამ კაპიტოლიუმიდან პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების საოცრად შთაბეჭდავ ცერემონიას ვნახავთ, ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა იქნებოდა მსოფლიო, რომ არა თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა და მასთან კოალიციაში მყოფი სახელმწიფოები. როგორები ვიქნებოდით ჩვენ, როცა დედამიწაზე გაბატონებული ავტორიტარული სიბნელის ღრუბლებში იმედის სხივიც კი ვერ გამოაღწევდა.
ამიტომ, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები, მისი ახალი პრეზიდენტი, ღმერთმა დალოცოს საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი!
საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ბრძოლას, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება.
თუმცა, ახლა ვართ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, რომლის დიაგნოზიც ისე უნდა დავსვათ, რომ არც სასურველის რეალობად გასაღება გამოგვივიდეს და არც ხელოვნურად კულტივირებული პესიმისტური სცენარების ტყვეობაში აღმოვჩნდეთ.
ვითარება კი ამ მომენტში ისეთია, რომ სტატუს-კვო, სტაგნაციის და პროცესის ერთ წერტილში გაყინვის შთაბეჭდილებას ქმნის. საპროტესტო განწყობის რუტინულად, ფიზიკურად გამომხატველთა რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მუხტი არ განელდეს, რეჟიმმა გაბრაზებული ხალხის სუნთქვა კეფაში იგრძნოს, თუმცა არაა საკმარისი სისტემის ჩამოშლისა და იმ მასშტაბის დისკომფორტისთვის, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს სრულად დისფუნქციურს გახდიდა.
მეორეს მხრივ, ვერც რეჟიმი გადადის მასშტაბურ შეტევაზე. პერიფერიებზე აქტივისტებს კვლავ არბევს, პოლიტიკურ ლიდერებს ფიზიკურად უსწორდება, ჟურნალისტებს იჭერს, ჯარიმებს ჯარიმებზე არიგებს, მაგრამ ხალხის სამობილიზაციო რესურსს ვერ ამცირებს და უფრო აქტიური თავდაცვის მდგომარეობაშია, ვიდრე აქტიური თავდასხმის. ეს სტატუს-კვო ჯერჯერობით ნარჩუნდება, რაც ცხადია სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.
რომელია ის ფაქტორები, რომელიც ვითარებას რადიკალურად შეცვლის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების სასარგებლოდ?
1.ესაა სისტემა (არამარტო ძალოვანი ორგანოები), სახელმწიფო ბიუროკრატია, საჯარო სამსახური, რომელიც შეიძლება რეპრესიების წინა ხაზზე არ არის, მაგრამ მთავარი რეპრესანტების და მათი ხელმძღვანელების ფუნქციონირებად გარემოს უზრუნველყოფს.
2. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პროტესტში ნაკლებად, ან საერთოდ არ მონაწილეობს. ესაა ქალაქების საშუალო კლასს მიღმა მყოფი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომელთა უმრავლესობაც უკვე ხვდება, რომ ქვეყანა არასასურველი მიმართულებით მიდის, ხალხთან არაადამიანური მოპყრობის გამოც უკმაყოფილოა, მაგრამ სოციალურ სიდუხჭირეს, უფრო სწორედ ყოველდღიური შემოსავლისთვის ბრძოლას იმდენად დიდი ენერგია და დრო მიაქვს, რომ ამ რუტინიდან ამოვარდნა პირდაპირი გაგებით ოჯახის ყოველდღიური სარჩოს დაკარგვის ტოლფასია. ჩვენი თანამოქალაქეების ეს ნაწილი თანაგრძნობით შემოიფარგლება, ან მიმდინარე პროცესისადმი გულგრილობას იჩენს.
რადგან პოლიტიკურ სურათში თითქმის ყველაფერი მოხდა, რაც ივანიშვილის ოცნების ქართველების ოცნებისგან სრულ და უკანმოუბრუნებელ დაშორებაზე მეტყველებს და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სისტემის შიგნით კიდევ უფრო დიდი რყევისთვის, ან სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ნაწილის პროტესტში აქტიური ჩართვისთვის. ამ ეფექტის მომხდენი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი რამ, რასაც ტელევიზორის გადართვით, ან სულაც გამორთვით ვერ დააიგნორებ - ცარიელი მაცივარი, სიცივე და ოჯახის ცხოვრების დონის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფის შეუძლებლობა.
რა მოიტანს ამ შედეგს?
ის, თუ ივანიშვილი გააგრძელებს სირაქლემას პოზაში ყოფნას და არ შეიმჩნევს დასავლეთის სანქციები მის ფინანსურ სისტემას, ბუმბულს, ღერა-ღერად როგორ შემოაფცქვნის.
და მეორე - უკვე შემდგარი პოლიტიკური იზოლაციის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მთელი ქვეყნისთვის, ინვესტიციების და გადმორიცხვების მაჩვენებლების კატასტროფული ვარდნა, საგადასახადო დისბალანსი, საბიუჯეტო დეფიციტი, ლარის დევალვაცია, გაზრდილი ფასები საწვავზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობა, ბიზნესების გაკოტრება, უმუშევრობა, სახელფასო და საპენსიო ვალდებულებების გაუსტუმრებლობა... მოკლედ ყველაფერი, რასაც გვეგონა, რომ გამოვექეცით, უკან დაბრუნდება და ყველას ოჯახში შემოაღწევს.
რა გავლენას მოახდენს ეს დინამიკა ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ, არსებული სტატუს-კვოს დარღვევის, სტაგნაციური წერტილის დაძვრისთვის გადამწყვეტ 2 ფაქტორზე?
დავიწყოთ მეორით: რეჟიმით უკმაყოფილო, მაგრამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი და ცვლილებებით შეშინებულ ადამიანს დასაკარგი აღარაფერი ექნება. არსებული სისტემა მისი ოჯახის მინიმალურ საარსებო აუცილებლობას ვეღარ უზრუნველყოფს. ერთი ცნობილი რევოლუციონერის ფრაზა რომ გავიხსენოთ: "მათ ბორკილის მეტი დასაკარგი აღარაფერი დარჩებათ." ამდენად, უკიდურესი გასაჭირი პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური ხალხის მასას, სოციალური უკმაყოფილების მოტივით, პოლიტიკური მოთხოვნებით გამოიყვანს და ეს ტალღა მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით გადამწყვეტი შენაერთი იქნება რეჟიმთან ქუჩაში დაპირისპირების ეპოპეაში.
და მივუბრუნდეთ პირველ ფაქტორს, ანუ რეჟიმის მდგრადობას. სისტემას, სადაც ჩვენნაირი ადამიანები არიან, რომლებიც შესაძლოა ტერორის პირველ ხაზზე არ იდგნენ, მაგრამ თავიანთი ფუნქციების შესრულებით, სისტემაში უზრუნველყოფენ იმ ამოცანას, რასაც პროტესტის შეკავება და არამარტო რეპრესიული მანქანის, მთელი სისტემის ქმედუნარიანობის შენარჩუნება ჰქვია.
საჯარო მოხელეთა ეს ნაწილი სპეციფიკურ მდგომარეობაშია: ეს ადამიანი ჯერჯერობით ინარჩუნებს წონასწორობას და პროტესტს ღიად ვერ თანაუგრძნობს, ან საერთოდ ინდიფერენტულია.
ამ მდგომარეობას პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ წონასწორობა, რადგან საითაც სინდისია, იმის საპირისპირო პინას ვერაფერი უნდა წონიდეს, თუმცა მაინც... მათი დიდი ნაწილის სინდისის დროებითი ანესთეზიისთვის გამოდგება. ოღონდ ამ მდგომარეობას თან უნდა ახლდეს მისი ოჯახის ცხოვრების წესისა და ფინანსური ვალდებულებების უზრუნველმყოფი გარანტიები. ეს ბალანსი თუ ირღვევა და დასავლეთთან ომში ყოფნის, პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის, ღრმა სოციალური კრიზისის პირობებში უეჭველად დაირღვევა, თან ძალიან საგრძნობლად, მივიღებთ მოცემულობას, როცა სინდისის ანესთეზიისთვის საჭირო ფინანსური რესურსი აღარ იქნება და საჯარო მოხელე, მოსამართლე, დიპლომატი, პოლიციელი დარჩება საკუთარი გამოღვიძებული სინდისის პირისპირ შემოსავლების მკვეთრი კლებისა და ხარჯების კატასტროფულად მატების პირობებში, რაც დამეთანხმებით ივანიშვილის, კობახიძის, მდინარაძის თუ სუბარის სიგიჟეში გადასული არარსებული იდეებისთვის გადაფარების მოტივაციას ძალიან სწრაფად გააქრობს და მეტიც - მათ ენთუზიაზმს საწინააღმდეგოდ მიმართავს.
რომ შევაჯამოთ:
დღეს არსებულ სტაგნაციურ წერტილს, როდესაც ვერც პროტესტი ახდენს საბოლოო გარდატეხას და ვერც რეჟიმი პროტესტის ენთუზიაზმის გატეხვას, შეცვლის საპროტესტო მოძრაობაში ხალხის სოციალურად მოტივირებული ნაწილის გააქტიურება და რეჟიმის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სისტემის შიგნიდან სრული დემოტივაცია, რასაც ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, ცივილიზაციისგან იზოლაცია, ხარჯების ზრდა, შემოსავლების მკვეთრი კლება უზრუნველყოფს.
დასკვნისთვის - რა უნდა ამოხდეს, რომ ამ შედეგამდე, ანუ სტაგნაციის წერტილის გარღვევამდე, რეჟიმის ჩამოშლამდე მივიდეთ?
უწყვეტი პროტესტი, რეჟიმის მხრიდან ისეთი შეცდომების დაშვების გაგრძელება, რომელიც მათი ხელჩამოურთმევლობის სტატუსს ვერ შეარბილებს და დასავლეთისგან იზოლაციის ტემპს პერსონალურ დონეზე შეუქცევადად მკაცრს გახდის და ტემპს ააჩქარებს.
ეს პერსპექტივა ძალიან რეალური, მე პირადად სხვა ოპტიმისტურ სცენარს ვერ ვხედავ. მესმის, რომ შედეგი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზიანზე გადის. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ბრძოლის "იარაღს" ვერ ვირჩევთ. ეს იარაღი ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა თავად აირჩია - ძალადობის, ქვეყნის დესუვერენიზაციის, რეპუტაციული განადგურების და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის რეპრესიის. შესაბამისად ქართველი ხალხის და ისტორიის წინაშე მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე მხოლოდ მათ ეკისრებათ და არა
საქართველოს გადარჩენისთვის მებრძოლ, თავდადებულ საზოგადოებას, რომელმაც დასავლეთთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ ამ წერტილამდე არ მოვსულიყავით.