გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოპონირების ფასი კაკისტოკრატიაში

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოპონირების ფასი კაკისტოკრატიაში

"როგორ გავიგებთ, რომ დემოკრატია დავკარგეთ?" — ამ კითხვით იწყება New York Times-ში გამოქვეყნებული ესე/მოსაზრება, რომელიც თანამედროვე ავტორიტარიზმის ევოლუციას აღწერს და ამერიკელი ხალხის და საერთოდ დასავლური ცივილიზაციის გაფრთხილებას ისახავს მიზნად. სტატიაში საუბარია იმ ახალ ფორმებზე, რომლითაც ხელისუფლება დღეს განსხვავებულ აზრს თრგუნავს — არა ტანკებითა და ტყვიებით, არამედ კანონით შეფუთული შურისძიებით: საგადასახადო დევნით, სასამართლო პროცესებით, მედიისა და აკადემიური სივრცის მიზანმიმართული დასუსტებით. საქართველოსთვის ეს რეალობა, არათუ სუსტი - აღარ არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და რეალური "დიპსტეიტის," ანუ ივანიშვილის ხელში ძალაუფლების სრული კონცენტრაციის პირობებში განსაკუთრებულად მწვავედ დგას.

ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართულმა ავტორიტარიზმმა განვითარების ახალ ფაზაში გადაინაცვლა. როდესაც განსხვავებული აზრის გამოთქმას, პროტესტს, ან უბრალოდ პოლიტიკოსობას დასჯა მოსდევს — ეს ნიშნავს, რომ აღარ ვცხოვრობთ დემოკრატიის იმიტაციის პირობებშიც კი. როცა ჩვეულებრივი მოქალაქე მრავალჯერ დაფიქრდება, გამოხატოს თუ არა თავისი პოზიცია — ის უკვე აღარ არის თავისუფალი.

„როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას ფასი აქვს — ხალხი აღარ ცხოვრობს დემოკრატიაში.“ ოცნების რეჟიმის, ანუ კაკისტოკრატიის პირობებში განსხვავებულ აზრს და პროტესტს უკვე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც დიდი ფასი აქვს.

საფრთხე ყველა მოქალაქეს ემუქრება — არამარტო პოლიტიკოსებს, ან ჟურნალისტებს. ვინც დღეს ხმას არ იღებს, ხვალ აუცილებლად თავად გახდება დევნის ობიექტი. ასეთია დიქტატურაში გადასული ავტორიტარიზმის ისტორიულად და მეცნიერულად დადასტურებული დიალექტიკა. ნამდვილად არ იქნება უადგილო თუ აქ ჩერჩილს გავიხსენებთ: "მშვიდობისმყოფელი/ბოროტების დამამშვიდებელი ისაა, ვინც ნიანგს იმ იმედით აჭმევს რომ, ეს უკანასკნელი მას ყველაზე ბოლოს შეჭამს."

გამოსავალი ერთია — მზარდ საგარეო წნეხთან ერთად სამოქალაქო სოლიდარობა, კოლექტიური, ერთიანი წინააღმდეგობა და გამბედაობა. ივანიშვილის კლიენტურაში ყველაზე ამაზრზენად ტრიბუნებთან ჩამწკრივებული და ძვირფას მანქანებში ჩასვენებული, ევროპული კოსტუმებითა თუ ჩანთების ბრენდებით ცივილიზებულობის სტატუსზე მონადირე ფიგურები არიან, რომლებიც ხელოვნურად მიმყნობილი ტონალობით ზახაროვას და სიმონიანის ტექსტებს ქართულად იმეორებენ და ზურას, მზიას, თორნიკეს და ლუკას კია არა - მთელს საქართველოს ანტიცივილიზაციის საპყრობილეში ერეკებიან. ამათ, სინამდვილეში, ის ხალხი ჯობია, მაგალითად ქალბატონი ქეთი ეგიდუნაშვილი, რომელიც ივანიშვილის კაკისტოკრატიის გულწრფელ ნაწილს წარმოადგენენ და იმას ამბობენ, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ და რასაც სხვები უნიჭოდ ფუთავენ.