გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოლიგარქია პოლიტიკის არქიტექტურად

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოლიგარქია პოლიტიკის არქიტექტურად

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება, ერთი მხრივ, პიროვნული ქარიზმებისა და გავლენების კონფლიქტია, თუმცა ამით მარტივი ახსნა ამოიწურება. პრობლემა უფრო ღრმაა და ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეშია — როცა კერძო კაპიტალი ცდილობს პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური სისტემის თამაშის წესების ცვლილებას.

მსგავსი შემთხვევები ცნობილი და მრავალფეროვანია. მართალია, მასკის და, ზოგადად, ამერიკელი მილიარდერების კაპიტალის შექმნისა და ჩემს მიერ მოსახმობ მაგალითებს შორის დიდი და პრინციპული სხვაობაა, თუმცა პოლიტიკურ ცენტრზე გავლენისკენ მისწრაფების ლტოლვასა და ვნებაში მსგავსება დიდია.
1990-იან წლებში რუსეთში ბორის ელცინის მთავრობა ემყარებოდა ოლიგარქიულ კოალიციას, რომელშიც ბორის ბერეზოვსკი მთავარი მოთამაშე გახლდათ. ეს არ იყო უბრალოდ სპონსორობა — სახელმწიფოს პოლიტიკა ხშირად სწორედ ამ კოალიციის ინტერესების გარშემო შენდებოდა.
უკრაინაში ვიხილეთ კიდევ ერთი მაგალითი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე ეყრდნობოდა იგორ კოლომოისკის მედიას და რესურსებს. თუმცა ზელენსკიმ სწრაფად ჩამოაშორა ოლიგარქი ამ გავლენებს — და ის ახლა პატიმრობაშია.

საქართველოში ვითარება განსხვავებულია იმით, რომ ოლიგარქი არ მოქმედებს სისტემის გარედან — იგი თავად გახდა სისტემა.
ბიძინა ივანიშვილის გავლენა არ არის მხოლოდ ფინანსური წონის საკითხი. ეს არის შემთხვევა, როცა პოლიტიკურ ინსტიტუტებს სწორედ მისი არაფორმალური ძალაუფლება განსაზღვრავს.

აშშ-ში ტრამპსა და მასკს შორის დაპირისპირება, მიუხედავად ამერიკული პოლიტიკური ტრადიციისთვის სრულიად ეგზოტიკური ფორმით გამოვლინებებისა, ხაზს უსვამს დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების მნიშვნელობას, მაშინ როცა საქართველოში სრულიად საპირისპირო ინერციაა. ჩვენთან პოლიტიკური პროცესი ივანიშვილის გარშემოა ცენტრალიზებული — პოლიტიკური ინსტიტუტები, სასამართლო, მედია, რეგულატორები მის გავლენაზე მორგებული მოდელით მოქმედებენ.
ანუ იქ, სადაც ოლიგარქი გავლენიანი მოთამაშეა, ჯერ კიდევ რჩება სივრცე პოლიტიკური დინამიკისთვის.
სხვათა შორის, ამის მაგალითი იყო ბადრი პატარკაციშვილის და შევარდნაძის, ბადრისა და ზურაბ ჟვანიას ურთიერთობის მოდელი. ხოლო იქ, სადაც ოლიგარქი თავადაა პოლიტიკის არქიტექტორი, დემოკრატიის რესურსი მინიმუმამდე დადის, ან საერთოდ ქრება.

თუმცა ამ სისტემის საფრთხე მხოლოდ შიდა მოწყობას არ უკავშირდება. ბოლო წლებში აშკარაა ივანიშვილის დამოკიდებულების ზრდა კრემლზე — ფინანსური სქემებით, პოლიტიკური კურსითა და გადაწყვეტილებების სინქრონიზაციით. რაც მხოლოდ ავტორიტარიზმის გაღრმავებაზე არ მითითებს — საქართველოს დისტანცირებას ნიშნავს დასავლური კურსისგან და ჩაბმას კრემლის იმპერიული ოლიგარქიის გეოპოლიტიკურ ორბიტაში, რომელსაც პუტინის რეჟიმი განასახიერებს.

შედეგად, საქართველოში ყალიბდება სისტემა, რომელიც ერთდროულად ემსგავსება პოსტსაბჭოურ კორუფციულ და იზოლაციონისტურ ავტოკრატიებს, რაც არა მხოლოდ დემოკრატიულ ფასეულობებს — ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარების პერსპექტივას ემუქრება.

ამდენად, ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემიდან გამოსვლა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ამოცანა. ეს არის გეოპოლიტიკური გადარჩენის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინაპირობა. სანამ ეს გავლენა არ დაიშლება, საქართველო ვერც დასავლურ სივრცესთან ინტეგრაციას შეძლებს და ვერც დემოკრატიულ თვითრეალიზებას.