
ქართულ პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ღარიბაშვილის ან ქართული ოცნების მთავრობის სხვა წევრების გადაადგილებები, თამაშიდან გაყვანა, იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ყველასთვის გასაგებია, რომ მათი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურების, ფასი ნულის ტოლია.
თუმცა გაკეთებული სვლები მეტყველებს უკან მდგომი, რეალური ძალაუფლების ცენტრის თამაშის ცვლილებასა და მიზნებზე. ამიტომ ვერსიები, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი, მიმართულია და გამომდინარეობს არა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვათა მოქმედების პერსონალური მოტივაციის პოვნისკენ, არამედ იმ ადამიანის მდგომარეობის ან განზრახვის ასახსნელად, ვინც ამ სვლებს აკეთებს, ანუ ამ ფიგურებს ამოძრავებს.
საკამათო არ არის ფაქტი, რომ ქართული ოცნების ძალაუფლების უკონკურენტო და ერთპიროვნული ცენტრი ბიძინა ივანიშვილია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ კასკადს: მთავრობის წევრების თანამდებობებიდან წასვლის, მათ ადგილზე კობახიძე-კალაძის კლანის წევრებად მიჩნეული ფიგურების დანიშვნის და მათ ქვევით ჰომოგენური, ანუ ერთგვაროვანი ვერტიკალის ფორმირების. მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილი კობახიძეს საშუალებას აძლევს მისი ყველაზე ძველი და სანდო დასაყრდენი ფიგურები ჩაანაცვლოს, თან ისე, რომ სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე „ძველი გვარდიიდან“ არავინ ჩატოვოს.
რატომ იქცევა ასე უცნაურად ივანიშვილი? რატომ არღვევს კლანებს შორის ბალანსირების ტაქტიკას? ნუთუ ვერ ხვდება, რომ ასეთი ტიპის სისტემებში ერთ საყრდენ წერტილზე ყველა საძალაუფლებო და ფინანსური რესურსის ჩამოკიდება აუცილებლად გამოიწვევს სისტემის წონასწორობის დაკარგვას? მით უმეტეს ამის მაგალითს წარმოადგენს წინა ხელისუფლებების მმართველობის ბოლო წლები, რომელთაგან სააკაშვილის მიერ დაშვებული ანალოგიური ტაქტიკური შეცდომით, სისტემის სტაბილურობის შერყევისა და დაპირისპირების პროვოცირების შედეგად, თავად ივანიშვილმა მშვენივრად ისარგებლა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა კიდეც მისი ხელისუფლებაში მოსვლა.
ვერსია, რომ ივანიშვილი ამას იმიტომ აკეთებს — მისი უახლოესი გარემოცვა, ყველაზე ძველი და სანდო ფიგურები, ჰუმანური მოსაზრებებით დასავლეთის სანქციებს განარიდოს — უაღრესად მიამიტურად და არასერიოზულად გამოიყურება. ერთი, რომ მათი უმრავლესობა უკვე მოექცნენ მკაცრი დასავლური სანქციების ქვეშ და, მეორეც, რაოდენ გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი და სრულიად არ იცნობდეს ბატონი ბიძინას ბუნებას, რომ დაუშვას — ის სხვების, თუნდაც წლების განმავლობაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შემსრულებელი ადამიანების ბედსა და მომავალზე უფრო მეტად დარდობდეს, ვიდრე საკუთარ თავსა და ოჯახზე.
აქვე შეგახსენებთ — ივანიშვილი უკვე თავად არის არამარტო შეერთებული შტატების სასანქციო ბადეში. მას რომ ამის შესაძლებლობა და მანევრის რესურსი ჰქონოდა, უპირველესად საკუთარ თავს და ოჯახის წევრების პერსპექტივას გადაარჩენდა და არა ღარიბაშვილს ან ქარსელაძეს.
ასევე, საკმაოდ არასერიოზულად მეჩვენება უახლოესი საყრდენი ფიგურების საძალაუფლებო ვერტიკალიდან გამოცლით „ახალი ოპოზიციის“ შექმნაზე ზრუნვა.
აქ იმის გახსენებას და მტკიცებას არ დავიწყებ, თუ რაოდენ მრუდე და არასწორია თავად ივანიშვილის წარმოდგენები დემოკრატიული, კონკურენტული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე. ყველას კარგად გვახსოვს მისი არაერთი საჯარო განცხადება სასურველი ოპოზიციის აუცილებლობასა და კონკრეტულ სიმპატიებზეც. თუმცა, ასეთი სარისკო პარტიის დაწყება, მხოლოდ იმისთვის, რომ ყველაფერი კობახიძეს და კალაძეს ჩამოკიდოს და ღარიბაშვილის ლიდერობით „ახალი ოპოზიცია“ გამოაცხოს — ნაკლებად წარმოსადგენია, ზუსტად იმ რისკების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს რეალური ძალაუფლების რგოლებში კონტროლის დაკარგვას, მათ შორის, უპირველესად, ეგრეთ წოდებულ ძალოვან ბლოკსა და საბიუჯეტო თუ შავი ფულადი ნაკადების მოძრაობაზე.
ასევე, თეორიულადაც კი რთულად წარმოსადგენია, რომ ივანიშვილი ჩრდილში დარჩეს ან ქართულ ოცნებაში საპატიო თავმჯდომარის სტატუსი შეინარჩუნოს და პარალელურად ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა, ქარსელაძემ და სხვებმა ქართული ოცნების საწინააღმდეგო, თუნდაც ფორმალურად ოპოზიციური ძალა ჩამოაყალიბონ და მას რაიმე საყრდენი და გავლენა ჰქონდეს.
კიდევ ერთი ვერსია ივანიშვილის მიერ დასავლეთთან ვაჭრობისთვის პოზიციების შემზადებას უკავშირდება. ამ ვერსიის ლოგიკით, ის სრულ ძალაუფლებას აძლევს კობახიძე-კალაძის კლანს, თავადაც ფორმალურად გვერდზე იწევა, მაგალითად, ტოვებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს და დასავლეთიდან მისი პერსონალური ურთიერთობების გადატვირთვის კვალობაზე იტოვებს შანსს კობახიძის და კალაძის მიმართულებით ნეგატივის მაქსიმალურად გადამისამართებით და ძალაუფლებიდან ჩამოცილებით კიდევ ერთი შესაძლებლობა დაიბევოს „განახლებული გუნდით“ ქვეყნის შიგნით არაპოპულარული და დასავლეთის მხრიდან ხელჩამოურთმეველი კობახიძის ჩანაცვლებისთვის.
და ჩემს ჩამონათვალში (და არა საერთოდ) ბოლოს ვერსია, რომელსაც შედარებით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, უკავშირდება ქართულ პოლიტიკაში დღეს ყველაზე გავლენიანი მოთამაშის — რუსეთის ფაქტორს.
ამ ვერსიით, რუსეთი სარგებლობს რა დასავლურ სამყაროში გამეფებული ქაოსით, სრული დეზორიენტაციით, ტრამპის ადმინისტრაციის აროგანტულობით, ევროპის მიერ უკრაინასა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეზე კონცენტრირებით, თავად საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტით, ახორციელებს პოლიტოლოგიის თეორიაში ცნობილი „პერსონალისტური ავტორიტარიზმის“ „სისტემური ავტორიტარიზმის“ მოდელით ჩანაცვლებას.
ანუ, მოსკოვმა ჩათვალა, რომ მას აღარ სჭირდება ივანიშვილი, როგორც ანტიდასავლური ფრონტის მაკონსოლიდირებელი და საქართველოში არსებული სიტუაციის გასაკონტროლებლად აუცილებელი ფიგურა.
რუსები თვლიან, რომ უახლოეს მომავალში მათ დომინანტურ გავლენას თბილისზე ანგარიშგასაწევი საფრთხე არ ემუქრება, ანუ სისტემის გადაწყობისთვის ფანჯარა აქვთ.
ამასთან, „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს…“
ივანიშვილი პუტინისთვის მაინც დასავლეთიდან მოწყვლად ფიგურად რჩება: ოჯახის მინიმუმ სამი წევრი დასავლეთის ქვეყნებშია დაფუძნებული, რომლებიც ცხოვრების პერსპექტივას მთლიანად უკავშირებენ დასავლურ ცივილიზაციურ სივრცეს — შეერთებულ შტატებს, ევროპას, სამხრეთ კორეას, იაპონიას. მისი ქონებისა და კაპიტალის ძირითადი ნაწილიც ამ სივრცისადმი ლოიალობაზეა ჩამოკიდებული.
რუსები ამ მხრივ არსებული რისკების მინიმიზირებას ცდილობენ და საკუთარი პოლიტიკის რეალიზების ისეთ მოდელს აყალიბებენ, რომ არცერთი კონკრეტული ადამიანის პოზიციების სიმყარეზე აღარ იყვნენ დამოკიდებული.
ამისთვის სჭირდებათ ძალაუფლების სადავეებთან მათი გავლენის ქვეშ მყოფი, სოციალური კაპიტალის არმქონე, პოლიტიკურად და ემოციურად აბსოლუტურად სტერილური პერსონები, რომლებზეც დასავლეთის ინსტრუმენტების გამოყენება ეფექტური ვერ იქნება. კობახიძე და მისი ჯგუფი ამ მხრივ მოსკოვისთვის ოპტიმალური საყრდენია, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ქართული საზოგადოების უმრავლესობის განწყობებთან და დასავლელი მოკავშირეების მოლოდინებთან სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება და მათი რეალიზების ძალისმიერი უზრუნველყოფა.
შეუძლებელია ივანიშვილი ძალაუფლების გადაბარების ამ მოდელზე თავისი ნებით მიდიოდეს. ვინ ვინ და ბატონი ბიძინა კარგად იცნობს პუტინის მმართველობის და ზოგადად რუსული დაუნდობლობის ბუნებას: რა სახის გარანტიებიც არ უნდა მიიღოს, მისი ფინანსური რესურსების მქონე ფიგურის კონტროლს მიღმა არსებობაც კი უკვე მისთვის გარდაუვალ საფრთხედ იქცევა. რუსები არ დაუშვებენ მათ დომინიონად ქცეული საქართველოს ხელისუფლებაში კობახიძის მსგავსთა მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას ისე, რომ წინასწარ არ გაითვალისწინონ და დააზღვიონ საფრთხეები, რომლებიც მათ, თუნდაც დღევანდელი მოკავშირეებიდან შეიძლება დაემუქროს.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ ვერსიაში ივანიშვილის გაწევა მხოლოდ იძულებითი ხასიათის შეიძლება იყოს და გარანტირებულად მშვიდ და უსაფრთხო პერსპექტივას თავად ივანიშვილს არ უქადის. ამას ალბათ თავადაც აცნობიერებს, მაგრამ მისთვის ადრე დამახასიათებელი სიფრთხილის, ლავირების და პრაგმატული პოლიტიკისთვის ზურგის შექცევამ, დასავლეთთან უკიდურესმა კონფრონტაციამ და ყველა ფსონის რუსეთზე დადებამ ასეთ შედეგამდე მიიყვანა. ის ჩიხშია მოქცეული და იძულებულია პროცესს დაყვეს.
სხვა ვერსიებზეც შეიძლება მსჯელობა. ჯერ კიდევ ბევრი ცვლადია, რომელმაც პროცესზე სხვა აზრები შეიძლება ჩამოგვიყალიბოს. მაგალითად, საინტერესოა, რა ბედი ელის რეჟიმის მთავარ საყრდენად გადაქცეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვახტანგ გომელაურს, შერჩება თუ არა ამერიკაში „შეშვებადი“ ლამის ერთადერთი მთავრობის წევრი ლევან დავითაშვილი და მასთან ერთად ფინანსთა მინისტრი ხუციშვილი სისტემას. გადააბარებენ თუ არა ლამის პირად დაცვად გადაქცეულ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ანზორ ჩუბინიძის ჩამნაცვლებელს?
შესაძლოა არცერთი ზემოთნახსენები ვერსია რელევანტური არ აღმოჩნდეს. შესაძლოა სინამდვილეში ხდებოდეს ის, რაც ემართებათ სოციოპათიური ფსიქოპორტრეტის ავტორიტარ მმართველებს მათი მმართველობის ბოლო ფაზაში: როცა ოპოზიცია განადგურებულია, გარედან კონკურენციის ნიშნები განულებულია, იწყებ საფრთხის ძებნას შენსავე საძალაუფლებო წრეში.
შესაძლოა ივანიშვილს „ძველი გვარდია“ მობეზრდა, ყელში ამოუვიდა, ძველებზე კომპრომატებიც უფრო მეტია და უხვი, გაბრაზდა და გადაწყვიტა მათზე ჯავრის ამოყრა… ჯერ არ გაუკეთებია ეს ივანიშვილს თუ რა, ასეთი ეპიზოდებით სავსეა მისი ჯერ კიდევ პოლიტიკაში შემოსვლამდე პერიოდიც.
ამ ვერსიაში ყველაზე პრობლემური ჩვენთვის ისაა, თუ ვინ ანაცვლა ამ „ძველ გვარდიას“ — ანუ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს და სხვებს — კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, დაჩი ბერაია… ეს თუ ასეა, მაშინ არანაკლებ მძიმედაა სადმე…
სინამდვილეში რა ხდება ჯერ არ ვიცით, თუმცა როგორც ჩანს, კვანძის გახსნა არცთუ ისე შორსაა და ერთადერთი, ვისაც ამ თამაშის არევა, აჭრა და ამოტრიალება შეუძლია — ქართველი ხალხია, მისი ყველაზე პასუხისმგებლიანი და აქტიური ნაწილი, რომელიც საქართველოს დესუვერენიზაციისა და კლანების სათარეშო ტერიტორიად ქცევის პროცესს სტატისტის როლში არ უყურებს და იბრძვის იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო დაიბრუნოს და მასზე ქართველი ერის ძალაუფლება განავრცოს.