"ვითხოვ დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება".
რომელიმე პოლიტიკოსის სიტყვები არ გეგონოთ. ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომლითაც კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გენუის მსოფლიო კონფერენციას 1922 წელს, ოკუპაციიდან 1 წლის თავზე მიმართა და ცივილიზებულ სამყაროს საბჭოთა რუსეთის მონობიდან საქართველოს დახსნა სთხოვა. როცა ამის გამო ბოლშევიკები დასაპატიმრებლად მიადგნენ, ჩეკისტებს მიახალა: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"
დღეს პატრიარქის და დიდი საეკლესიო მოღვაწის ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) გარდაცვალებისა და ხსენების დღეა. წმინდანის, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში და რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, ქვეყნის რუსიფიკაციას, საქართველოს ეკლესიაში რუსულ გავლენებს და საბჭოთა ოკუპაციას ებრძოდა. ამის გამო გადაასახლეს, დააპატიმრეს, აწამეს, ცილი დასწამეს, ქონება ჩამოართვეს, რეპუტაცია შეულახეს, ქვეყნის ღალატსა და საეკლესიო განძის ქურდობაშიც კი დაადანაშაულეს, შანტაჟიც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
არც მანამდე ჰქონია საქართველოს ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს ფუფუნება, საამქვეყნო საქმეებისგან სრულად დისტანცირებული ყოფილიყო. მუდმივად უწევდა პოლიტიკასთან მეტ-ნაკლებ შემხებლობაში ყოფნა, რაც ბუნებრივია, გარკვეულ დიპლომატიასა და კომპრომისებს გულისხმობდა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკლესია პოლიტიკასთან ყველაზე ახლოს მიდიოდა, იქნებოდა ეს გრიგოლ ხანძთელის, თუ გიორგი ჭყონდიდელის პერიოდები, ქრისტიანული ნონკონფორმიზმი, ანუ უკომპრომისობა ხდებოდა ის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის გაჯანსაღებაზე დადებით გავლენას ახდენდა. ხოლო ეკლესიის სიძლიერე არა საერო ხელისუფლებისადმი სრულ მორჩილებაზე, არამედ ფუნდამენტური ქრისტიანული ფასეულობებისადმი ერთგულებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ აღსრულებაზე იდგა.
სად იქნებოდა მეოცე საუკუნის წმინდანი დღევანდელ ეპოქაში, ვის მხარეს იდგებოდა ამბროსი აღმსარებელი დავითისა და გოლიათის ბრძოლაში?
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორალურადაც და ფიზიკურადაც ის იქნებოდა ჩაგრულის, ანუ უკრაინის მხარეს და ყველა საშუალებით შეეწინააღმდეგებოდა იმ ბნელ, ფსევდო-ქრისტიანულ პროპაგანდას, რომელიც პუტინის რუსეთის სიველურეს და კაცობრიობის, ქრისტიანობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშაულებს ამართლებს. ის დადგებოდა ქვეყანაში თუ ეკლესიაში რუსული გავლენების წინააღმდეგ და აქტიურად იბრძოლებდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
"ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას", - რუსული ჩეკას დაკითხვის ოქმის პირველივე კითხვაზე პასუხი ცხადყოფს წმინდა ამბროსი აღმსარებლის მიზანსა და მისი, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მისიასაც. ამბროსი ხელაია ქრისტესმიერი სიყვარულის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შეუდრეკლობის, ეროვნული დამოუკიდებლობის და პროგრესის სიმბოლოა. სიმბოლო სიცხადის და გაუტეხლობის.
"ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან", - იოანეს გამოცხადება. თავი 3.