გუშინ განსაკუთრებული დღე იყო… ევროპის დღეს, ევროპის მოედანზე, უამინდობის მიუხედავად, გრანდიოზული მასშტაბის მანიფესტაციაზე შეკრებილი ხალხი, საოცრად მძლავრი მუხტი, ერთ მუშტად შეკრული თბილისი და მთელი საქართველო ვიხილეთ. რაც მთავარია, ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი პასუხი ივანიშვილის რეჟიმის ტერორსა და ძალადობაზე და გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესი ვიზიტის წინ, რომ ქართული საზოგადოება არც რუსულ კანონს და არც რუსულ რეჟიმს არ შეეგუება.
ამ დღეებში ოლიგარქმა ბოლომდე გამოავლინა საკუთარი თავი. უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ საქმე გვაქვს ფლიდ და მატყუარა, თუმცა ამავე დროს, ცივსისხლიან, დანაშაულებრივ რეჟიმთან, რომელიც ერთგვარ ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. სახელმწიფო სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალურ სინდიკატად გადაიქცა და დიტო სამხარაძისა და კახა კალაძის კრიმინალურად დაჯგუფებებს უდანაშაულო ადამიანები საჯიჯგნად მიუგდო. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ტერორის კამპანიის ოპერატიულ უზრუნველყოფაში, ძალადობრივი დანაშაულის დაფარვასა და ხელშეწყობაში, რიგ შემთხვევებში კი, სამართალდამცავები თავადაც მონაწილეობენ თავდასხმებში. მსგავსი რამ, 90-იანი წლების დასაწყისში, სრული განუკითხაობისას, შეიარაღებული ბანდების თარეშის დროსაც კი იშვიათად ხდებოდა. პოლიციამ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა უბრალოდ უარი თქვეს მოვალეობის შესრულებაზე. ქვეყანაში სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს. დავრჩით კრიმინალური ბანდების, ან კრიმინალად ქცეული ძალოვნების პირისპირ.
პარალელურად, პრემიერისა და ოცნების სპიკერების რიტორიკაში აშკარად იგრძნობა სახის შენარჩუნებით უკანდახევის ნიშნები და მზაობა იმისა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას, დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა მოტივირებულ შენიშვნებში გაითვალისწინონ. ჩნდება განცდა, რომ კანონის გაკეთილშობილებული, თუ ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებული ვერსია გამოსავლად ესახებათ ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც, რადგან მსგავსი სცენარით დასავლეთი საქართველოსთან ურთიერთობების რადიკალურად გადახედვას დროებით თავიდან აიცილებს და შესაძლოა, წინასაარჩევნოდ, ვითარებაც დაასტაბილუროს.
სინამდვილეში, დიდი მიხვედრა არ ჭირდება იმას, რომ უკანდახევის ილუზია, რომელიც ივანიშვილმა კანონის მოდიფიცირების მზაობით შექმნა, ოცნების მორიგი ტაქტიკური ვირეშმაკობაა. ოლიგარქი ცდილობს, მესამე მოსმენის წინ საპროტესტო მუხტი დააგდოს, კანონი მიიღოს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კი კონსტრუქციული როლი მოირგოს, დასავლეთთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და სასურველს, კანონში კოსმეტიკური, ან თუნდაც შინაარსობრივი ცვლილებებით, ანუ მაინც მინიმალური დანაკარგებით მიაღწიოს. ამ კანონის შინაარსისა და ფორმის გაკეთილშობილება, მათ შორის ტაქტიკური მოსაზრებებით, ბუნებრივია შესაძლებელია, თუმცა, ყველას ესმის, რომ რუსული კანონი მხოლოდ საშუალებაა და მისი კორექტირებით შეუძლებელია ივანიშვილის მიზნებისა და სულისკვეთების შეცვლა.
მილიარდერმა შეიძლება კანონი შეცვალოს, ან თუ იძულებული გახდა გაიწვიოს კიდეც, თუმცა ის უკან ვეღარ გაიწვევს რუსთაველის გამზირიდან დაანონსებულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს იზოლაციას, ცივილიზებული დასავლეთის მტრად გამოცხადებას და ქვეყანაში რეპრესიების შედეგად რუსული ტიპის ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებას ითვალისწინებს.
გუშინდელი აქციით ქართველმა ხალხმა საკუთარი სათქმელი ღიად და გასაგებად თქვა და ნათლად აჩვენა, თუ საქართველოს მისწრაფება და ენერგია საითაა მიმართული. ეს არის დასავლეთი და არა რუსეთი. და ისიც, რომ მთავარი პრობლემა აქ მხოლოდ რუსულ კანონი აღარ არის, არამედ რუსული ხელისუფლება, რომელიც კადიროვის სტილის კრიმინალურ მმართველობაში გადაიზარდა, რომელიც უნდა წავიდეს, რადგან მათი ხელისუფლებაში შეუზღუდავად დატოვების თითოეული დღე წარმოადგენს უშუალო საფრთხეს ქართული სახელმწიფოსთვის და ფიზიკურ საფრთხეს თითოეული თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქისთვის. ამიტომ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რუსული კანონის მიღმა, იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ ამ პროცესისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები შექმნან და ივანიშვილთან მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დასვან: როგორ მოხდეს მშვიდობიანად, დემოკრატიული მექანიზმებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის გამოხატული ნების ასახვა ხელისუფლების ფორმირების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ შევალთ ოლიგარქის კარგად ნაცად, ადამიანებისა და ქვეყნის მომავლით ვაჭრობის სპირალში, როდესაც მილიარდერი, ტერორისა და ძალადობის შემდეგ უკანდახევის მზაობით, სტატუს კვოს და სიტუაციაზე კონტროლს ინარჩუნებს და ამაში დასავლეთს მადლობებს ახდევინებს.
დღეს ქართველი ხალხი მზადაა აქტიურობით, სიმამაცით, ორგანიზებულობითა და გამძლეობით რუსულ რეჟიმი დაასრულოს, რაც გაცილებით მარტივი იქნება, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის მომავლით შანტაჟისა და მანიპულირების ცდილობდესო საბოლოოდ წერტილს დაუსვამენ.
ოცნებას და ყველა მეოცნებეს ისტორიული განაჩენი გამოტანილი აქვს. ისინი ვახტანგ გორგასლის ანდერძის წინააღმდეგ სვლას ვეღარ გააგრძელებენ. "ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა" - ანუ არ შეცვალოთ დასავლეთზე ორიენტაცია, არ აქციოთ ზურგი ევროპულ ცივილიზაციას, რომლის შექმნაში და დაცვაშიც ჩვენს წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით. ასე დაგვიბარა ვახტანგ გორგასალმა და ალბათ ქართველი ხალხის დღევანდელი ბრძოლის იმაზე სიმბოლური გამოხატულება არ არსებობს, ვიდრე გორგასლიანთა მიერ 5 ჯვრიანი ეროვნული დროშის აღმართვა თავად ვახტანგ გორგასალთან ერთად თბილისის დაბადების ადგილზე!