ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად, სასახლის ეზოსთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
"დღეს შედგა საკმაოდ კარგი პოლიტიკური აქტი, როდესაც 3 პრეზიდენტის გზავნილი ეგზავნება ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც რეალურად პირველად აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა და რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება ამ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და ჯანმრთელი", - აცხადებს ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია ფორმულასთან საუბრისას.
ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრებმაც - ნაწილი ადგილზე უკვე მივიდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პეტიციას მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, ის ხელმოწერას მიიტანს და ღონისძიებას დაესწრება.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.
2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.