
მადრიდში მშენებარე მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
მაშველებმა ოთხივე გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, – ეს ინფორმაცია მადრიდის საგანგებო სამსახურებმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელეს.
გარდაცვლილთა შორის მალის, გვინეისა და ეკვადორის მოქალაქეები არიან, იუწყება ესპანეთის საინფორმაციო სააგენტო EFE. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთს ფეხის მოტეხილობის გამო საავადმყოფოში მკურნალობენ.
EFE-სა და ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის ტერიტორიაზე 30-40 ადამიანი მუშაობდა. ობიექტი სასტუმროდ უნდა გადაკეთებულიყო.
„შენობაში, რომელიც რემონტის პროცესში იყო, ჭერის რამდენიმე კონსტრუქცია ჩამოინგრა,“ – განუცხადა ჟურნალისტებს მადრიდის საგანგებო სამსახურების წარმომადგენელმა ბეატრის მარტინმა.