ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას ხელი მოაწერა. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ შესაბამისად, ის ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.
"დღეს დავესწრები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი, მივიტანო პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, ჩემი ხმა ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რუსული რეჟიმის ხელით პუტინის პირადი პატიმარია, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის შეუძლია დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირადად აღმართა ევროპული დროშა და რომელსაც პირადად, ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს", - განაცხადა ბოკუჩავამ.
პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, დღეს, 20:00 საათზე კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.
მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.