ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა. ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით დღეს მიიღეს.
ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.
საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა.
OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.
OGP-ის წევრობის დასაწყისში საქართველომ ლიდერის როლი შეასრულა. 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე). საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნებოდა, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო.
თუმცა სამოქალაქო სექტორის შეზღუდვისა და მედიაგარემოს გაუარესების ფონზე ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) მაისში საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას OGP-ის წევრობის შეწყვეტით აფრთხილებდა. მაშინ ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობაზე მიუთითებდა.