პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა და მეორე ტურში წარმატება უსურვა.
"პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%. გამარჯვებული 28 მაისს, არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება.
14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.
საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა.