საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება „დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილებაა“.
ღარიბაშვილის თქმით, რუსეთში "1 მილიონი ეთნიკური ქართველია" და მნიშვნელოვანია, "მათი მიმოსვლა გაადვილდეს".
"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში და იქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები ახლობლები, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება." - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს "ჰუმანიტარული თვალსაზრისით დადებითი და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა".
"მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი." - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.