პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გადატრიალებაზე" მორიგ შეთქმულების თეორიას ავრცელებს.
მთავრობის სხდომაზე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, გამოძიების ანტიამერიკული რიტორიკა განავრცო და მანაც ხაზი გაუსვა, რომ "გადატრიალების" გეგმებში USAID არის ჩართული.
"საზოგადოებას გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრები, რომლებიც აქვთ ჩვენს ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ, მტრულ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვთ დახმარება ქვეყნით საზღვრებს გარეთ და მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, როგორ მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადორბივი გზით დამხობა.
ამ ხალხმა, ალბათ, ვერაფერი ისწავლა, ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი, ახლა არის 2023 და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაოებების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობასა და დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანი, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში, არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუცქიულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ეს ქვეყანაში", - თქვა ღარიბაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ USAID განმარტებას გააკეთებს.
"ასევე, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოყვანილი ეს ადამიანები, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, ჩვენ დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "გადატრიალების საქმეზე" მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.
მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.