ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს: თავს ნუ გამოაყენებინებთ პოლიტიკოსებს

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ ვნებათაღელვას, რომელიც არის შექმნილი აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტარულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ყველამ გააკეთეს ვფიქრობ ამომწურავი კომენტარი, მათ განმარტებას მისცეს როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, საჯაროდაც გაკეთდა ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით, ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.

რა თქმა უნდა, მე ამ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო სრული თანაგრძნობა, ვუთხრა, რომ ჩვენ მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობას. მინდა ყველას შევახსენო, რომ ალბათ გახსოვთ, არავის გახსენებია არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართული არის ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი, არც მაშინ როცა იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როცა არიან ოპოზიციაში. გასაგებია, მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი თუ გაჭირვება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც ამორალური საქციელია, უზნეობა, ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, როცა ვუყურებთ ამ ადამიანების ჩართულობით უნდათ გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.