გეგელია: ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საბედისწერო დარტყმა ქუთაისის აეროპორტზე

გეგელია: ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საბედისწერო დარტყმა ქუთაისის აეროპორტზე

კოალიცია ლელო - ძლიერი საქართველოს საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას თქმით, დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ხელაღებით იბრძვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის აღნიშნავს, რომ ამის კიდევ ერთი დასტური ქუთაისის აეროპორტის ბედია - "რომელსაც, ფაქტობრივად, დახურვა ემუქრება, თუ დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას".

გრიგოლ გეგელიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება ზრუნავდეს აეროპორტის შემდგომ განვითარებაზე, მათი პოლიტიკის გამო ქუთაისმა შესაძლოა ეს ეკონომიკური ბერკეტი დაკარგოს, "რადგან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საბედისწერო დარტყმა ქუთაისის აეროპორტზე".

"დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ხელაღებით იბრძვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამის კიდევ ერთი დასტური არის ქუთაისის აეროპორტის ბედი, რომელსაც ფაქტობრივად დახურვა ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გატარებული ანტი-დემოკრატიული პოლიტიკის გამო.

ჩვენ გვახსოვს არაერთი მაგალითი, თუ როგორ გაძარცვა ამ ხელისუფლებამ ქუთაისი განვითარების შანსებისგან; ახლა კი ამავე ხელისუფლების პირობებში, ქუთაისი კარგავს იმ უმსხვილეს შემოსავლის წყაროს, რასაც წარმოადგენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

რაც უარესია, ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტს მიღწეული აქვს ისტორიულად მაღალი, რეკორდული მაჩვენებლებისთვის.

2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადაინაცვლა, ხოლო მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 171,8%-ითაა გაზრდილი. ამ მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი სრულიად ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის რიგით მესამე ადგილზეა!

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ამ აეროპორტის შემდგომ განვითარებაზე, მის ირგვლივ ლოჯისტიკური ჰაბის მოწყობაზე, რაზეც ლელო - ძლიერი საქართველო უკე 5 წელია საუბრობს, და რაც შექმნიდა ათასობით ახალ სამუშაო ადგილს ქუთაისში, დღეს ამ თვითმარქვია რეჟიმის პოლიტიკის გამო ქუთაისმა შესაძლოა დაკარგოს ეს ეკონომიკური ბერკეტიც, რადგან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საბედისწერო დარტყმა ქუთაისის აეროპორტზე. დღეს თუ ქუთაისიდან 30-ზე მეტი პირდაპირი ფრენა სრულდება, აქედან 24 ევროპულია.

უვიზო მიმოსვლის გაუქმება მილიონობით ქართველს დატოვებს იმ უნიკალური შანსის გარეშე, რასაც გულისხმობს ევროპის კონტინენტთან თავისუფალი მიმოსვლა! ხოლო კონკრეტულად ქუითაისის შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას, ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტში ნაკლები თანხის შესვლას და სერიოზულ დარტყმას ტურისტული სექტორისთვის. ამ კუთხით საკმარისია გავიხსენოთ ის, რომ მხოლოდ 2024 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მილიონამდე მგზავრი და 3 ატასამდე რეისი მიიღო, რაც წარმოადგენს ისტორიულ მაქსიმუმს!", - ამბობს ის.

გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება - "ყალბი დაპირებების და განადგურებული პერსპექტივების ხელისუფლებაა". ამ კონტექსტში ის საერთაშორისო ზეწოლისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ეს არის არა აღსრულებული ქართული ოცნებების, არამედ ყალბი დაპირებების და განადგურებული პერსპექტივების ხელისუფლება! ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მოსპო ანაკლიის პროექტი, გაანადგურა ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შესაძლებლობა, რითაც ზუგდიდის, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერცერთი დიდი ინვესტორი ვერ შემოიყვანა და ვერცერთი მეგაპროექტი ვერ შეასრულა!

ამავე დროს ეს არის ხელისუფლება, რომელიც სპობს იმასაც, რაც უკვე დახვდა და ასე მიადგა ხელისუფლების მავნე პოლიტიკა უკვე ქუთაისსაც, ათასობით სამუშაო ადგილს ქუთაისში, დიდძალ შემოსავას ეროვნულ ბიუჯეტში და რაც მთავარია თითოეული ქართველის ხელთ არსებულ შანსს, თავისუფლად იმგზავროს ევროპაში და ქონდეს სოციალური და ეკონომიკური კავშირები იმ სივრცესთან, რომლის ეკონომიკური ღირებულება 18 ტრილიონი ევროა და სადაც 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

სწორედ ამიტომ, პროტესტით, ბრძოლით და საერთაშორისო ზეწოლით, ყველა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ დასრულდეს ანტი-ქართული მმართველობა და ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში და საბოლოოდ, ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ეროვნულ ხელისუფლებაში გვყავდეს პრო-ქართული, ადამიანის და განვითარების მხარეს მყოფი ხელისუფლება!", - ამბობს ის.