"გავასაჩივრებთ სასამართლოში" - ავერსი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე

"გავასაჩივრებთ სასამართლოში" - ავერსი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე

ავერსი ეხმაურება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას აფთიაქების დაჯარიმების თაობაზე და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. ავერსს არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავერსი აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში"- ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არც PSP.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი - ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:

ავერსი: 14 402 425 ლარი;

გეფა: 20 349 336 ლარი;

პსპ: 17 094 872 ლარი;

მერმისი: 951 301 ლარი.