გასულ ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების 20 დრონი ჩამოაგდეს

გასულ ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების 20 დრონი ჩამოაგდეს

გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ ნასროლი 20 ირანული წარმოების დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალების ცნობით, 10 ივნისის ღამეს რუსები პოლტავას ოლქში ერთ-ერთი ოპერატიულ აეროდრომს დაესხნენ თავს, ამასთან, შეტევა განახორციელეს ოდესასა და ხარკივის რეგიონებზეც.

ოკუპანტებმა, ჯამში, 8 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 35 ირანული წარმოების Shahed-136/131 გაისროლეს და მათი სამიზნე ძირითადად კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე, სამხედრო ობიექტები იყო. თავდასხმა 9 ივნისს ღამის 11 საათზე დაიწყო და მომდევნო დღის დილის 5 საათამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში უკრაინელებმა 20 დრონი და 2 რაკეტა გაანადგურეს.

სამხრეთის სარდლობის ცნობით, ოდესაზე ოკუპანტების შეტევა უკრაინელებმა მოიგერიეს, თუმცა დრონის ნამსხვრევების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, სულ მცირე, 26-მა მოქალაქემ. ამასთან, ხანძრის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიც.