გამყრელიძე: ერთადერთი გამოსავალია ყველა დაპატიმრებულის გამოშვება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა

სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს და ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ამ სიმხეცეზე, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ბოლო 10 დღეა ამ ყველაფერს ქვეყნის მთავარ მოედანზე ვუყურებთ. როგორ მივედით აქამდე? - ბევრი რამ არის ამის განმაპირობებელი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი რაც არის, ეს ჩვენი - ბიზნესის სიჩუმეა, ის თამაშის წესები, რომელიც წლებია არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც საბჭოთა დროიდან გადმოგვყვა - „ცეხავიკური“ თამაშის წესები, რაც განაპირობებს ჩვენს ინდივიდუალურ კონფორმიზმს და შემგუებლობას ამ ყველაფერს, იმ კომფორტს და იმ კომფორტის ზონაში ყოფნას, რომელშიც ვართ და ვყოფილვართ აქ მყოფნი - ჩემი ჩათვლით, როგორ კეთდება საქმე მარტივად - უნდა გქონდეს რაღაც კავშირი და წვდომა მთავრობის რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან და ამით აღწევ ერთგვარ წარმატებას და იღებ იმ ფასს, რასაც ქვეყანა დღეს იხდის ამ ყველაფრით. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ეს ფურცელიც გადავშალოთ, მაგრამ ვატყობ, რომ ჯერ ვერ გადავშალეთ. იმედია, ეს შეხვედრა ამის გააზრების საშუალებას მოგვცემს, რომ თუ ქვეყანა განვითარდება ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ბიზნესიც სხვანაირად უნდა ვაკეთოთ მომავალ თავისუფალ საქართველოში.

გამოსავალი მარტივი არ არის. ერთადერთი გამოსავალია გავიგოთ თავისუფლების მოყვარული ხალხის ხმა, რომელიც გარეთ დგას... ეს არის უპირობოდ ყველა დაპატიმრებულის გამოშვება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა ამ ქვეყანაში, რომელიც სწორად ჩატარდება, რომ ქვეყანამ აირჩიოს ის, ვინც მას უნდა.

განაცხადა BMG-ის სპეციალურ ეთერში, ბიზნესს კვირეულში, ბიზნესმენმა ნიკა გამყრელიძემ და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პოზიცია გამოთქვა.