გამყალბებელი მადურო ქართულ ოცნებას არჩევნებში "ვარსკვლავურად გამარჯვებას" ულოცავს

გამყალბებელი მადურო ქართულ ოცნებას არჩევნებში "ვარსკვლავურად გამარჯვებას" ულოცავს

ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო, რომელსაც აშშ და ევროკავშირი გაყალბებული არჩევნების გამო პრეზიდენტად არ აღიარებენ, ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ "სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება" მოიპოვა.

მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosty ავრცელებს.

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება.

გასულ კვირას მათ მოიპოვეს სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება, საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით.

რას ამბობს შეერთებული შტატები? "მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ საქართველოში არჩევნების გამეორებას". გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს სურთ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს", - თქვა მან.

***

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - 53.92%
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
  • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)

ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

  • ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
  • მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
  • მარკირების პროცედურის დარღვევა
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
  • 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
  • ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
  • მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
  • უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა

ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.

26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.

ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.

ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.

სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.

ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ჩინეთის ლიდერებმა მიულოცეს.