გახარია საქართველოსთვის: არ ვმონაწილეობთ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში

გახარია საქართველოსთვის: არ ვმონაწილეობთ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში

პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს არ ცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ქართულმა ოცნებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა მიტაცებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართველ ხალხს მოჰპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და ქვეყანა შეიყვანა მძიმე სისტემურ კრიზისში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგების კანონიერებას, და შესაბამისად, პარლამენტს და არც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უკანონოდ არჩეულ რომელიმე ორგანოს ლეგიტიმურობას.

14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგანაც, ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დეფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის - უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს.

შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება:

• დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა განთავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დაკავებული პირები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სისტემის მძევლად აქცია.

• უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.