ევროსაბჭოს კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჰომოფობიური კანონის მიღებისგან

ევროსაბჭოს კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჰომოფობიური კანონის მიღებისგან

ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში მაიკლ ო'ფლაჰერთი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჰომოფობიური კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებისგან თავი შეიკავონ.

წერილს, რომელიც ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს გამოუგზავნა, მაიკლ ო'ფლაჰერთი საკუთარ X-ზე აქვეყნებს.

მისი განცხადების თანახმად, კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

ის აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტით ხელისუფლება აძლიერებს სტიგმასა და ცრურწმენებს ლგბტქ ადამიანების მიმართ, აყალიბებს ჰომოფობიურ განწყობებს, რაც ევროსაბჭოს კომისრის თანახმად, "თანასწორობასთან, პლურალიზმთან და ტოლერანტობასთან შეუთავსებელია".

ევროსაბჭოს კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონში ინცესტისა და სექსუალური ორიენტაციის ერთად მოხსენიება ხელს უწყობს ლგბტქ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ისედაც ნეგატიური განწყობებისა და სტიგმის გაძლიერებას.

მაიკლ ო'ფლაჰერთი პარლამენტის წევრებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვისკენ, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხზე მუშაობისკენ მოუწოდებს.

"ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის გაძლიერების შემთხვევაში, პარტნიორები უზრუნველყოფენ საქართველოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს შესაბამისობას ძირითად სამართლებრივ სტანდარტებთან. [...]

პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, კანონპროექტის მიღებისგან თავი შეიკავონ, ასევე პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რაც ლგბტქ პირების მიმართ სტიგმატიზაციას იწვევს" - ნათქვამია მის წერილში.

4 სექტემბერს ქართულმა ოცნების 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ანტი-ლგბტ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.