ევროსაბჭოს გენმდივანი ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს გენმდივანი ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწოდებს, განახორციელოს რეკომენდაციები.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გაწევისთვის", - წერს ის X-ზე.

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".