ევროპული საქართველო თბილისში, პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება. პარტიის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არა კონკრეტული ჯგუფების, არამედ ქვვყენის თავისუფლებას ებრძვის.
"ხელისუფლებამ კვლავ უარი განაცხადა პრაიდის ფესტივალის მონაწილეების ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფაზე, მოტყუებით მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და კვლავ დააყენა ისინი შავრაზმული ფიზიკური ძალადობის საფრთხის წინაშე და მისივე მოკავშირე პუტინისტური კრიმინალური ჯგუფების მოგერიების ნაცვლად, თავად ფესტივალის მონაწილეები გაიყვანა კერძო საფესტივალო ტერიტორიიდან.
ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული და მისი ქვეყნის მართვიდან ჩამოშორების გარეშე საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იქნება მსგავსი ძალადობისგან დაცული. ხელისუფლება პუტინისტების ხელით არა ამ კონკრეტული ჯგუფების, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ებრძვის და ამის გააზრება მართებს ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.