ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები: უკრაინა და ევროპა მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყვნენ

ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები: უკრაინა და ევროპა მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყვნენ

ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოები აცხადებენ, რომ უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში მათ უნდა ჰქონდეთ ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვიდი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკომისიის წარმომადგენლები პარიზში შეხვდნენ.

"მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ვადასტურებთ მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ არ მიიღწევა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც დაიცავს როგორც უკრაინის, ისე ჩვენი ქვეყნების ინტერესებს. ველით, რომ ამ საკითხზე ერთობლივად გავაგრძელებთ განხილვებს ამერიკელ მოკავშირეებთან. საერთო მიზანი უნდა იყოს უკრაინის გაძლიერება, რათა მან მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია დაიკავოს. უკრაინა და ევროპა მოლაპარაკებების განუყოფელი ნაწილი უნდა იყვნენ. უკრაინას უნდა მიეცეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში აუცილებელი პირობაა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასამყარებლად. გვახსოვს, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ ვმუშაობთ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე", - წერია განცხადებაში.

იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ტრამპის განაცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.