ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოს შესახებ წინადადება დაამტკიცა.
დოკუმენტში მოწოდებაა "საქართველოს ხელისუფლებს მიმართ, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას". ამასთან, აღნიშნულია, რომ "ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა იმოქმედოს უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შესამცირებლად".
"კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, გაკვალოს გზა თავისუფალი და სამართლიანი ხელახალი არჩევნებისკენ ეროვნულ, ადგილობრივ დონეზე და თანაბრად მოეპყროს ქართველებს, მათ შორის წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილობრივად არიან არჩეულნი.
ქვეყანაში კონგრესის პრეზიდენტის, ასევე პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ და წინა განცხადებებზე დაყრდნობით, ბიურო ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა იმოქმედოს უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც ვნებს ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ნახსენებია ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლება, პოლიტიკური მიზეზების გამო და ნათქვამია, რომ ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი გამოხატვისა და შეკრების დემოკრატიული უფლების გამოყენება და აღნიშნულია, რომ დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია მშვიდობიანი პროტესტი.
"ისინი, ვინც ამჟამად მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები, შესაბამისად, უნდა გათავისუფლდნენ. ეს მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს, რომელის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს", - ნათქვამია განცხადებაში.
კონგრესის ბიუროს წინადადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს პოზიცია და "ცხადი გახადოს თავისი მონდომება ოპოზიციასთან გულწრფელი, კონსტრუქციული და ღია დებატების მიმართ", ეს კი მათი შეფასებით, "უზრუნველყოფდა ნდობას, რომელიც საჭიროა ოპოზიციის მიერ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად და დაასრულებდა ბოიკოტს", შემდგომ კი გზას გაუკვალავდა ახალ ეროვნულ არჩევნებს ევროპულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ხელს შეუწყობდა თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ პროგრესს.
"ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებაზე საარჩევნო კოდექსში უახლესი ცვლილებების შესახებ. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს აჩენს", - ვკითხულობთ წინადადებაში.
ბიუროს განცხადებით, სჯერა იმ დემოკრატიული და ევროპული მომავლის, "რომელიც ემსახურება ყველა ქართველის ინტერესს. ეს კი მოითხოვს ყოველი პოლიტიკური აქტირის მონაწილეობას ნებისმიერ დონეზე - მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგს".
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მზადობას გამოთქვამენ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი დახმარების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შესახებ დებატები 2024 წლის 25-27 მარტს კონგრესის შემდეგ სესიაზე გაიმართება.