"ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი" - ზურაბიშვილი რეზოლუციაზე
ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
"ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან", - წერს ზურაბიშვილი.
ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 552-მა დეპუტატმა მიიღო.
"საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში", - ამ სახელწოდებით რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფია, ინიციატორი კი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
რეზოლუციის თანახმად:
- ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი და გადაეცეს მართლმსაჯულებას გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.
- ევროპარლამენტი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონში უკანონო ბორდერიზაციისა და პასპორტიზაციის პროცესს. მოუწოდებს რუსეთს, სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა.
- ითხოვს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას; მოუწოდებს საბჭოს შექმნას ევროკავშირის სანქციების სია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე;
- ევროპარლამენტი გმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. ხაზუს უსვამს, რომ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე
- ევროპარლამენტი მოუწოდებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და რუსეთის ხელისუფლებას.