მედია: ჰამასი მძევლებს გაათავისუფლებს, სხვა საკითხებზე დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს

მედია: ჰამასი მძევლებს გაათავისუფლებს, სხვა საკითხებზე დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, ჰამასი თანახმაა გაათავისუფლოს ყველა ტყვე და ასევე გარდაცვლილთა ცხედრები, თუმცა სხვა საკითხებზე დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.

ამის შესახებ Al Jazeera წყაროზე დაყრდნობით წერს.

"განცხადებაში პალესტინურმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ის დათანხმდა გაათავისუფლოს ოკუპაციის ყველა ტყვე – როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი – პრეზიდენტ ტრამპის წინადადებაში მოცემული გაცვლის ფორმულის მიხედვით, გაცვლისთვის აუცილებელი საველე პირობების უზრუნველყოფით", - წერს მედია.

მათივე ცნობით, ჰამასი მზადაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით, რათა განიხილონ გაცვლის დეტალები.

Al Jazeera ასევე წერს, რომ ჰამასი გამოთქვამს მზადყოფნას, ღაზის სექტორის ადმინისტრაცია გადაეცეს ტექნოკრატთა პალესტინურ ორგანოს, "რომელიც დაფუძნებული იქნება პალესტინურ ეროვნულ კონსენსუსზე და ექნება არაბული და ისლამური მხარდაჭერა."

"თუმცა, წყარომ განაცხადა, რომ წინადადების ის ასპექტები, რომლებიც "ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, უნდა გადაწყდეს „ერთსულოვანი ეროვნული პოზიციისა და შესაბამისი საერთაშორისო კანონებისა და რეზოლუციების“ საფუძველზე", - წერს Al Jazeera.

3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა ჰამასის ლიდერები გააფრთხილა, რომ მათ შეთანხმების დასადებად დრო მხოლოდ კვირამდე (5 ოქტომბერი), აშშ-ის დროით 18:00 საათამდე (თბილისის დროით: ორშაბათი, 02:00 საათი) აქვთ.

ტრამპი წერს, რომ აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება აუცილებლობას წარმოადგენს.

მან ყველა "უდანაშაულო პალესტინელს" მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გადავიდნენ ღაზის სექტორის უსაფრთხო ნაწილში.