შსს: ნარმანიასთან მყოფ პირებს ტაძრის მსახურებთან შელაპარაკება მოუვიდათ, გამოესარჩლა 2 პირი

შსს: ნარმანიასთან მყოფ პირებს ტაძრის მსახურებთან შელაპარაკება მოუვიდათ, გამოესარჩლა 2 პირი

"ოცნების" შსს მეტეხის ტაძართან აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დამატებით ინფორმაციას ასაჯაროებს.

უწყება ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ იგორ ნარმანიასთან მყოფ პირებს მეტეხის ტაძრის მსახურ ქალებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოუვიდათ, რის შემდეგაც ქალებს მიმდებარე რესტორნიდან 2 ადამიანი გამოესარჩლა.

შსს ამტკიცებს, რომ აღნიშნული ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, "რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს."

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს", - ამტკიცებს შსს.

მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა აქტივისტებს თავს 3 ოქტომბერს დაესხნენ.

ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დაახლოებით, 7 ადამიანი აქტივისტებს სხვადასხვა ბლაგვი საგნით გაუსწორდა.

აღნიშნულის შედეგად თავზე დაზიანებები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იგორ ნარმანიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა.