
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობას, რომლის მიხედვითაც ჰამასმა გამოთქვა მზადყოფნა დააბრუნოს ტყვეები და გარდაცვლილთა ცხედრები.
იგი წერს, რომ, აქედან გამომდინარე, ისრაელმა ღაზის სექტორის დაბობმბვა უნდა შეწყვიტოს.
"ჰამასის ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა ჩვენ მძევლები უსაფრთხოდ და სწრაფად გამოვიყვანოთ! ამჟამად, ამის გაკეთება ზედმეტად საშიშია. ჩვენ უკვე განვიხილავთ დეტალებს, რომლებიც დასამუშავებელია. ეს არ ეხება მხოლოდ ღაზას, ეს არის დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში", - წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასი თანახმაა გაათავისუფლოს ყველა ტყვე და ასევე გარდაცვლილთა ცხედრები, თუმცა სხვა საკითხებზე დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ჰამასი მზადაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით, რათა განიხილონ გაცვლის დეტალები.
Al Jazeera ასევე წერს, რომ ჰამასი გამოთქვამს მზადყოფნას, ღაზის სექტორის ადმინისტრაცია გადაეცეს ტექნოკრატთა პალესტინურ ორგანოს, "რომელიც დაფუძნებული იქნება პალესტინურ ეროვნულ კონსენსუსზე და ექნება არაბული და ისლამური მხარდაჭერა."