ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა

ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერებს ირჩევს.

თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

4 ოქტომბრის არჩევნებში შემდეგი პარტიები იღებენ მონაწილეობას:

  • მამული, ენა, სარწმუნოება - N1
  • კონსერვატორები საქართველოსთვის - N3
  • ჩვენი გაერთიანებული საქართველო - N5
  • თავისუფალი საქართველო - N7
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - N8
  • ძლიერი საქართველო - ლელო - N9
  • საქართველო - N11
  • მწვანეთა პარტია - N12
  • სახალხო ხელისუფლება - N14
  • გახარია საქართველოსთვის - N25
  • გირჩი - N36
  • ქართული ოცნება - N41

თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. დემონსტრანტები 16:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას. რამდენიმე ლოკაციიდან პარლამენტამდე მარშები გაიმართება.