
ქართული ოცნების თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცულია. ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ "არც შარშან არჩევნებზე, არც წელს - ხმის მიცემის კონფიდენციალურობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია".
"არც შარშან არჩევნებზე და არც წელს არჩევნებზე მე ხმის მიცემასთან მიმართებაში და ხმის მიცემის კონფიდენციალურობასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ უნდა დაიცვას შესაბამისი პროცედურები, რომელიც გაწერილია ცესკო-ს მიერ, რომლითაც არაერთხელ მოხდა ინფორმაციის გავრცელება და ინსტრუქციით სარგებლობის შემთხვევაში, არანაირი პრობლემა არ არსებობს", - თქვა მან.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში - "დამაჯერებელ გამარჯვებას" მოიპოვებს.
"მხარი დავუჭირე ქართულ ოცნებას, მხარი დავუჭირე ქართული ოცნების კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნება მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართული ოცნების მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც ექნებათ მყარი უმრავლესობა", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.