ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და ქართული ოცნების პარლამენტშია რეგისტრირებული და ვებ-გვერდზე განთავსებული. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაცვლად, ჩამოყალიბდება - კულტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის და ამჟამად ბუნდოვანია.

"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ, განცალკევებულია პარლამენტისგან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მას მოიხსენიებს, არა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც პარლამენტთან არსებულ დაწესებულებას). თუმცა, ამავე დროს, არ აქვს ცალკე სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.

ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი ამოვარდნილია საჯარო სფეროში დამკვიდრებული სტანდარტიდან, როდესაც მსგავსი ტიპის დაწესებულებებს აქვთ დამოუკიდებელი სამართალ სუბიექტურობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. [...]

მიზანშეწონილია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებაში, სამართლებრივ სტატუსზე მითითების გარდა, მსგავსად „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა, უნდა მიეთითოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამის შესახებ დღეს გადმომეცა პროექტი.

ჩემი აზრით, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს ქვეყნის საპარლამენტო ბიბლიოთეკას, პარლამენტი უარს ამბობს მისთვის მინიჭებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობაზე.

ასევე, ეს არის ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის სტატუსის შეცვლა, კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს!

საქართველომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის მზრუნველობა. დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500 000 მანეთის გამოყოფა. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა. რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას!

ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მივმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა! ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეს გადაწყვეტილება არ მომხდარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით. 1918 წლიდან არსებული ბიბლიოთეკის პირველი თეგი ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ წიგნებს აქვს დარტყმული", - წერს ის.