ენმ შს მინისტრისგან კასპში მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას მოითხოვს

ენმ შს მინისტრისგან კასპში მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან "მოითხოვს" დაუყოვნებლივ რეაგირებას კასპში მომხდარ ინციდენტზე.

კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

ენმ ასევე აცხადებს, რომ ისინი ახლა მიემართებიან კასპში და არ მოუსმენენ "რუს პრემიერს", რომელიც ქვეყნის ღალატში კიდევ ერთხელ ამხილეს.

"ახლა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ღარიბაშვილის მხრიდან ტყუილს წარსულზე, ტყუილს აწმყოზე და მომავალზე, სწორედ, ამ წუთებში, რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული, ბიუროკრატიული ბანდიტები იყვნენ მიქსეული პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაეშალათ ენმ-ის თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჩვენს მივემართებით სწორედ კასპში იმიტომ, რომ ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი არის სწორედ ის და არ ვაპირებთ, რომ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში."- განაცხადეს ბრიფინგზე.

კასპში ხაბეიშვილი ადგილობრივებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ასევე აიპების თანამშრომლები მივიდნენ.

ოცნების მხარდამჭერები ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილის შენობიდან გამოსვლას, აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ქართული ოცნების მხარდამჭერები.

"ნაწილი აიპებიდან არიან და ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერები. ალყაში ვყავართ მოქცეული. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ადგილზე მოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და რეაგირება არ აქვთ", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.

ფაქტს თავად ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მას ყველა რეგიონში დაჰყვებიან და მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.