ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რუსული კანონისა და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტის ინიცირების მოტივებზე ისაუბრა.
ამ კონტექსტში ივანიშვილმა ამ საკითხების "საკანონმდებლო მოწესრიგების მნიშვნელობასა" და ოპოზიციის "დასუსტებაზე" ისაუბრა და ამტკიცა, რომ კანონის მისაღებად დრო "იდეალურად" შეარჩიეს.
"საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ სჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ მინდა გითხრათ - ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ.
შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას.
სასამართლოში დღემდე ითხოვენ ე.წ ვეტინგს - ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცესკო-სთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლების თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით ევროკავშირის არაერთი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერც ერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.
როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ცხადია, ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა"- თქვა მან.
ივანიშვილმა ხაზგასმით ისაუბრა ოპონენტების დასუსტებაზე და თქვა, რომ ახლა ოპოზიცია ენერგიას "ქუჩაში ნაადრევად ანიავებს".
"ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.
ამიტომ, ლგბტ პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა - ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დრო იდეალურადაა შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენ მიმართ წყენა ისედაც არ აკლია"- თქვა ივანიშვილმა.