დონალდ ტუსკი: არსებობს სიგნალები, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, გაიყინოს

დონალდ ტუსკი: არსებობს სიგნალები, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, გაიყინოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში შესაძლოა მალე მოხდეს კონფლიქტის გაყინვა.

"არსებობს გარკვეული სიგნალები, ასევე, მე მაქვს ინტუიცია, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაიყინოს. არ მინდა ვთქვა, რომ ომი დასრულდება, თუმცა, კონფლიქტის გაყინვა, შესაძლოა - უფრო ახლოსაა, ვიდრე უფრო შორს", - თქვა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი "ძალიან ფრთხილობს, თუმცა, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი".

"უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც.

ჩვენც დაინტერესებული ვართ ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებით, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს", - თქვა დონალდ ტუსკმა.