აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას მისცემენ. Meta-ში ამბობენ, რომ ტრამპის ანგარიშების ორწლიანი დაბლოკვა მომავალ კვირებში დასრულდება.
Meta-ს პრეზიდენტი საერთაშორისო საკითხებში, ნიკ კლეგი აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება ესმოდეს, რას ამბობენ მათი პოლიტიკოსები.
2021 წელს კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ სოციალურ ქსელებში ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშები დაბლოკეს. გადაწყვეტილების მიზეზი კი გახდა ტრამპის ტვიტები და პოსტები, სადაც ის დარბევაში მონაწილე ადამიანები შეაქო.
ნოემბერში ტრამპს ბლოკი მოხსნეს Twitter-ზე, მას შემდეგ რაც სოცქსელის გიგანტი ილონ მასკმა იყიდა.
"შეჩერება იყო ექსტრაორდინარული გადაწყვეტილება, მიღებულ საგანგებო ვითარებაში", - დასძინა კლეგმა.
მისივე თქმით, შემოწმებამ დაადასტურა, რომ ტრამპის ანგარიშები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
დაბრუნდება თუ არა ტრამპი ფეისბუქზე, უცნობია. 2021 წელს მან საკუთარი სოციალური ქსელი Truth Social შექმნა - ოფიციალურად მას 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ამავე დროს, ტრამპს Truth Social-თან ექსკლუზიური შეთანხმება აქვს - მას მოეთხოვება თავისი მოსაზრებები პირველად ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნოს, სხვა პლატფორმებზე კი ექვსი საათის შემდეგ.
თვითონ ტრამპი Meta-ს განცხადებას საკუთარ სოცქსელში გამოეხმაურა, რომ თითქოს მისი დაბლოკვით ფეისბუქმა მილიარდები დაკარგა.
დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა. Meta-ს გადაწყვეტილება დემოკრატებმა და გარკვეულმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ტრამპმა სოციალური ქსელი კვლავ შეიძლება აჯანყებისთვის გამოიყენოს.