დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეხვდებიან.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები ღარიბაშვილის მოწვევით იკრიბებიან.
ჰერჩინსკის თქმითვე, ახლა ქვეყანა საკვანძო მომენტში შედის შესაბამისად ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ შევხვდებით საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს საღამოს. ჩვენ ამას ვაკეთებთ მისი მოწვევით. პრემიერმინისტრის ინიციატივაა, თუმცა ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ინფორმაციის გაცვლა, რაც შეიძლება ინტენსიურად დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და პრემიერსა და მთავრობას შორის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შევდივართ გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ოქტომბერში შეფასების ანგარიში და შემდეგ, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ნაბიჯები"- აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
აღსანიშნავია, რომ 29 მაისს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შეშფოთება გამოხატეს.