სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 კაცი და 3 ქალი.
უწყების ინფორმაციით, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების საქმეებზე 30 წლის ქალია მხილებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ. 2023 წლის 28 იანვარს, ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია Viber-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო. მან მიმოწერის ე.წ. სქრინები გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა".
ქალს ბრალდება სსსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მას სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე, დაკავებულია 1973 წელს დაბადებული კაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ იანვარში, დაზარალებულმა ქალმა Facebook-ის მეშვეობით, 1973 წელს დაბადებული ბრალდებული გაიცნო და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო კაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული დაზარალებულ ქალს დაემუქრა - თუ არ დაემორჩილებოდა მას და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერს და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ამოიღეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდა. კაცს ბრალდება სსსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ამხილეს დედა-შვილი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, აპლიკაცია whatsap-ის საშუალებით, თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა, რომელსაც კაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა. პარალელურად, გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან თ.ტ.-სთანაც, რომელმაც კაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.
მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნა. დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეზე დააკავეს 19 წლის კაციც. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა.
დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.