დავით კეზერაშვილი: რუსეთის ხელისუფლების, მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები

დავით კეზერაშვილი: რუსეთის ხელისუფლების, მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები

ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი რუსეთში "დაუსწრებლად დაპატიმრებას" ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

"შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად "დაპატიმრების" ამბავი. ე.წ. "საქმის" დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ხელისუფლების და მათი მარიონეტების მტერი ვარ და ასეთად დავრჩები მომავალშიც.

საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად. საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ყველა ეს მცდელობა ამაოა.

თავისუფალი სამყარო აუცილებლად გაიმარჯვებს"- აცხადებს კეზერაშვილი.

***

რუსეთში ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი "დაუსწრებლად დააპატიმრეს". დაუსწრებლად ადამიანის დაპატიმრება და გასამართლება რუსეთში მიღებული პრაქტიკაა.

როგორც რუსული სახელისუფლებო მედიები წერენ, კეზერაშვილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თაღლითობას ედავება.

"დავით შოთას ძე კეზერაშვილკ რუსეთის ძებნილთა ბაზაშია შეყვანილი, ის გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში. მას თაღლითობა ედება ბრალად. მოსკოვის სასამართლომ მისი დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

სახელისუფლებო მედია Tass-ი წერს, რომ სასამართლო პროცესზე კეზერაშვილის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს. ცნობილია, რომ რუსეთში ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ 2 საქმეა აღძრული.

2016 წელს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტირკინმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმს აღძრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს ეხება. კერძოდ, თავდაცვის მაშინდელ მინისტრს კრემლი სამხედრო დანაშაულს ედავება.