რუსეთში ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი "დაუსწრებლად დააპატიმრეს". დაუსწრებლად ადამიანის დაპატიმრება და გასამართლება რუსეთში მიღებული პრაქტიკაა.
როგორც რუსული სახელისუფლებო მედიები წერენ, კეზერაშვილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თაღლითობას ედავება.
"დავით შოთას ძე კეზერაშვილკ რუსეთის ძებნილთა ბაზაშია შეყვანილი, ის გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში. მას თაღლითობა ედება ბრალად. მოსკოვის სასამართლომ მისი დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
სახელისუფლებო მედია Tass-ი წერს, რომ სასამართლო პროცესზე კეზერაშვილის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს. ცნობილია, რომ რუსეთში ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ 2 საქმეა აღძრული.
2016 წელს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტირკინმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმს აღძრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს ეხება. კერძოდ, თავდაცვის მაშინდელ მინისტრს კრემლი სამხედრო დანაშაულს ედავება.