BBC-მ თავის საგამოძიებო ფილმ "The Billioner Dollar Scam-ს" დაურთო შენიშვნა, რომ მასალის შინაარსთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილი სასამართლოში დავობს და ცილისწამებად მიიჩნევს.
"პროგრამა სამართლებრივი დავის საგანია დავით კეზერაშვილის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ მასალა მის შესახებ ცრუ და ცილისმწამებლურია", - აღნიშნულია 18 მარტს გაკეთებულ განახლებაში.
2023 წლის 12 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემამ ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი დაასახელა.
მასალის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელებთან, ე.წ Milton Group-თან კავშირს ადასტურებს. ქსელის ხელმძღვანელობის შესახებ მტკიცებულებად მასალის ავტორები ე.წ Milton Group-ის ყოფილ თანამშრომლებს ასახელებენ, რომლებმაც ჟურნალისტებს კეზერაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ფორმულას დამფუძნებელმა BBC-ის მიერ გავრცელებული ბრალდებები უარყო - 12 აპრილს კეზერაშვილმა განაცახდა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არ აქვს. მან ევროპულ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ მიაწვდის ინფორმაციას ქოლ-ცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე. ამასთან, კეზერაშვილმა უარი თქვა ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარი ფორმულას კოლექტივს გადასცა.
ამასთან, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.
"მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა კეზერაშვილმა.